საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ეთანხმება და მხარს უჭერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იდეას სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნების გაერთიანების შესახებ.
მისი თქმით, სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნები თუ გაერთიანდებიან, შეზღუდვების ინიციატორები თავად შეშინდებიან.
„ჩვენ თუ გავერთიანდებით და შეთანხმებას მივაღწევთ, შეშინდებიან ისინი, ვინც ჩვენ წინააღმდეგ სანქციები დააწესეს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ამჟამად 50 ქვეყანა პირდაპირი სანქციების ქვეშაა და „მეორადი ეფექტი, სავარაუდოდ, უკვე ასობით სახელმწიფოზე მოქმედებს“.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვმართა და გვთხოვა, ეს საკითხი განგვეხილა და როგორმე გაგვეერთიანებინა ყველა, ვინც სანქციების ქვეშ იმყოფება. ჩვენ ასევე დავარწმუნეთ ჩინეთი. თუმცა მათი დარწმუნება საჭირო არც იყო, რადგან ესმით, რომ შემდეგი ისინი იქნებიან“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისივე თქმით, საჭიროა, რომ ეს ქვეყნები „გაერთიანდნენ და თავიანთი ძალა აჩვენონ“.