პოლიტიკა
პარტია „თავისუფალი საქართველო“ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგს იწყებს

monitoringi77თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტია თავისუფალი არჩევნებისათვის აგრძელებს ბრძოლას. ორგანიზაციამ პარლამენტს უკვე წარუდგინა 30 000 ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი საარჩევნო კოდექსის რეფორმის პროექტი.

„თავისუფალი არჩევნებისთვის აუცილებელ წინაპირობას  წარმოადგენს ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაც. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების მიერ კონტროლირებადი ცესკო არ და ვერ  შეძლებს სიების დაზუსტებას, ამიტომაც პარტია „თავისუფალი საქართველო“ ქმნის ალტერნატიულ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელსაც  გიური ცანავა უხელმძღვანელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველოს“ მონაცემებით, ალტერნატიული საარჩევნო ადმინისტრაციის ეგიდით პირველი პილოტური პროექტი განხორციელდება ვაკის N2 საარჩევნო ოლქში, ყიფშიძის ქუჩაზე N14 და N49 საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულია 2 239 ამომრჩეველი. პარტიის წრამომადეგნელი პირადად ეწვევა ყველა რეგისტრირებული ამომრჩევლის ოჯახს და წერილობით შეადგენს შესწორებას ყველა ხარვეზის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღების საგანი  საზღვარგარეთ გასული და ე.წ. მიწერილი ამომრჩევლები იქნება.

პილოტური პროექტის შემდეგ იგეგმება ანალოგიური მონიტორინგის განხორცილება ქვეყნის მასშტაბით, ანუ  3 600 საარჩევნო უბანზე. „თავისუფალი საქართველო“ ვარაუდობს ამ გზით ამომრჩეველთა სიის 3 600 000-დან 2 400 000-მდე შემცირებას.

„თავისუფალი საქართველო“ მიმართავს საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ ამ პროექტში და აღმოჩენილი ხარვეზები მიაწოდონ პარტიის ცენტრალურ ან ადგილობრივ ოფისებს. პარტია ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შედეგებს საზოგადოებას პერიოდულად გააცნობს.