პოლიტიკა
„ეროვნული ფორუმი“ „ქართველთა მარშის“ მოსაწყობად ემზადება

marshiთბილისი. 13 სექტემბერი. საქინფორმი. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის – გუბაზ სანიკიძის, განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საზოგადოების აშკარა უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა ეს ორგანიზებული და დემონსტრირებული არ არის. „დღეს, როდესაც მავანნი ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს ბედ-იღბალზე საუბრობენ, ქართველი ერის ინტერესი გათვალისწინებული არ არის. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს დემონსტრირება ქართველი ხალხის მიერ, რომ არიან, სულ ცოტა, უკმაყოფილონი და განრისხებულნი იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც სააკაშვილის ანტიქართული ხელისუფლება ატარებს. მიგვაჩნია, რომ ეს, გარკვეულწილად, ტესტირება უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისა, თუ რამდენად მზად ვართ, ორგანიზებული წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ პროცესებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს“, – აცხადებს სანიკიძე.

მისივე თქმით, „ეროვნული ფორუმის“ ეს ნაბიჯი „ექვსიანთან“ შეთანხმებული არ ყოფილა და „რადგან ღონისძიების ადრესატი ქართველი ხალხია, გადაწყვიტეს, სწორედ მათ გაეგოთ პირველად ამის შესახებ“.

„მოხარული ვიქნები, თუ მარშს „ექვსიანში“ შემავალი სხვა პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან, თუმცა, უარის შემთხვევაში, „ფორუმი“ „ექვსიანის“ დატოვებას არ აპირებს, რადგან ის შეიქმნა ერთი საკითხის ირგვლივ – ეს არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, რაც ჩვენთვის აქტუალურია“, – აღნიშნავს სანიკიძე.

მისივე ინფორმაციით, „ქართველთა მარში“ სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს გაიმართება. მსვლელობის ზუსტი დრო და მარშრუტი მოგვიანებით გახდება ცნობილი.