აქტუალური
ოქროს და ვერცხლის ღირებულება მკვეთრად იზრდება

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობის ფონზე, საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის შეფასება მკვეთრად იზრდება.

ამჟამად უნცია ოქროს ფასი 5,400 დოლარს აღწევს, რაც ერთ კვირაში 3%-ით, ხოლო ერთწლიან პერიოდში 86%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღმასვლის დინამიკა ფიქსირდება ვერცხლთან მიმართებითაც, რომელიც უნციაზე 95 დოლარად ივაჭრება და ერთ კვირაში 8%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო ერთწლიან პერიოდში ის 200%-ით არის გაძვირებული.

ოქროს გაძვირება პირდაპირ კავშირშია აშშ-ისრაელი-ირანის კონფლიქტის მიმდინარეობასთან, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკურ და მაკროეკონომიკურ რისკებს ზრდის.

როდესაც მსოფლიოში კონფლიქტის ახალი კერა ჩნდება, ასეთ დროს ინვესტორები სარისკო აქტივებს ყიდიან და კაპიტალს შედარებით სტაბილურ აქტივებში აბანდებენ, მათ შორის: ოქროსა და სახაზინო ობლიგაციებში.

ანალიტიკოსების შეფასებით, თუკი კონფლიქტი ერთ კვირაში არ დასრულდება და გაურკვეველი ვადით გაგრძელდება, მაშინ, დიდი ალბათობით, ოქროს ფასი რეკორდულ 5,600 დოლარს გადააჭარბებს.