საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო საქართველოს სასტუმროებში მარტის ჯავშნების 80% გაუქმებულია. ამის შესახებ მაია წერეთელმა BMG-სთან ტურიზმის სექტორზე ომის გავლენის შეფასებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ნებისმიერი არეულობა და საომარი ვითარება ტურიზმისთვის, განსაკუთრებით კი სასტუმროებისთვის საკმაოდ სერიოზული დარტყმაა. მაია წერეთელი აღნიშნავს, რომ გაუქმებები ჯერჯერობით მოკლევადიან პერიოდში ფიქსირდება და გაზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ჯავშნების კუთხით ცვლილებები არ აქვთ. ის იმედოვნებს, რომ კლება მხოლოდ მარტ-აპრილში ექნებათ.
„ეს სწორედ ის ბაზრებია, საიდანაც ჩვენ ტურისტების მაქსიმალური რაოდენობა შემოგვდიოდა. ისინი ჩვენი ძირითადი მომხმარებლები იყვნენ, მათ შორის არასეზონზეც, განსაკუთრებით რეგიონებში. ამიტომ უკვე ვხედავთ, რომ მარტის ჯავშნები თითქმის გაუქმებულია, უმეტესობა - 80% ჯავშნების გაუქმებულია და ყოველდღიურად კიდევ მეტი გაუქმებები შემოდის. ისეთი სერიოზული ცვლილებები, როგორიც არის აეროპორტების დახურვა, ფრენების გადადება, ჩვენს დატვირთულობაზე რა თქმა უნდა გავლენას ახდენს. ამიტომ ვფიქრობ, სხვა ღონისძიებებზე გადართვა მოგვიწევს, სხვა ტიპის გეგმების დასახვა იმისთვის, რომ ეს აშკარა ვარდნა განსაკუთრებით შესამჩნევი არ იყოს ფინანსურ შედეგებზე”, - განმარტავს მაია წერეთელი.
მისივე შეფასებით, ჯავშნების გაუქმება განსაკუთრებულად ბათუმზე აისახება, რასაც McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი ასე განმარტავს: „განსაკუთრებით რთული იქნება ბათუმისთვის, სადაც სასტუმროების უმეტესობის გარკვეული ტიპის დატვირთვა კაზინოს სტუმრებზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ კაზინოს მომხმარებლები ისრაელიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული სტუმრები არიან, შესაბამისად, განსაკუთრებით იგრძნობა.
იმ ქალაქებში, სადაც ბიზნესის ტიპის შეხვედრები და ბიზნესთან დაკავშირებული სტუმრები ჭარბობენ, ალბათ ბიზნესი გაგრძელდება. ცვლილებები ცხადია იქნება, მაგრამ არა ისეთი შესამჩნევი“.
სასტუმროების მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომელი ბაზრებიდან შემცირდება განსაკუთრებით ვიზიტები.
„ჩვენი მიზნობრივი ბაზრები, როგორიც არის ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და ასე შემდეგ - ამ ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების კლება განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება.
რაც შეეხება სხვა ბაზრებს, მოგეხსენებათ, რომ დოჰასა და დუბაიში არსებული საერთაშორისო აეროპორტები უამრავ ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებენ, მათ შორის ტრანზიტულ ქვეყნებსაც. ამიტომ ეს ვითარება აღმოსავლეთიდან ჩამომავალ ტურისტებზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. ახლა უკვე საუბარია საბერძნეთიდან და თურქეთიდან მომავალ მიმართულებებზეც, რადგან არსებობს გარკვეული საშიშროება, რომ რაღაც ტიპის დარტყმები აქაც იყოს, ამიტომ საომარი ვითარება გავლენას ზოგადად ნებისმიერ სეგმენტზე იქონიებს", - აღნიშნა მაია წერეთელმა.
ცნობისთვის, სასტუმროების მართვის საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი და ბრენდირებული სასტუმროების როგორც გახსნისათვის მომზადებას, ასევე გახსნის შემდგომ მართვას ახორციელებს.
საერთაშორისო ბრენდების მართვის უზრუნველსაყოფად კომპანია ფლობს ისეთი საერთაშორისო ბრენდების მართვის ლიცენზიებს როგორიცაა: "მარიოტ ინტერნეშენალი", "ჰილტონი", "ვინდამი" და "ბესტ ვესტერნი".
კომპანიის ხელმძღვანელობით საქართველოს ბაზარზე შემოვიდა სასტუმრო "ქორთიარდი ბათუმში", სასტუმრო "მერიოტი ბათუმში", მშენებარე სასტუმრო "ჰილტონ გარდენ ინნ ქობულეთში", მშენებარე სასტუმრო "ჰაიატ ცენტრიკი ბათუმში", ასევე, განხორციელდა სასტუმრო "ვინდამ გრანდის" გახსნა თბილისში, სასტუმრო "ჰილტონ გარდენ ინნ"-ის გახსნა თბილისში, მზადდება "ჰილტონის" სხვადასხვა ბრენდის მშენებარე სასტუმროები სურამსა და გურჯაანში და განხორციელდა "ბესტ ვერსტერნის" სასტუმროებისთვის ბრენდის შემოყვანა და გახსნა თბილისში.