საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე გივი თარგამაძეც დაიბარეს.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სუს-ში განუცხადეს.
თუმცა, როგორც სუს-ში აღნიშნავენ, გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს. იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. დაბარების საფუძვლებთან დაკავშირებით, შეუძლია, იხილოს განცხადება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა დღის განმავლობაში უკვე გააკეთა“, – განაცხადეს უწყებაში.
ცნობისთვის, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.
„ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, ასევე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ“, – განაცხადეს სუს-ში.