ვირები ოსლოდან
ვინ იცის, გასული წლის 10 დეკემბერს ნორვეგიის ნობელის კომიტეტს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ნობელის მშვიდობის პრემია რომ მიენიჭებინა, რომელიც მას ასე სურდა და რომლითაც მანამდე ავანსად დააჯილდოვეს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა (2009 წლის იანვარში თანამდებობის დაკავებისთანავე), იქნებ აშშ არც შეერთებოდა ისრაელს ოპერაციაში „იუდას დამცველი“/„ლომის ღრიალი“. ტრამპს ხელი შეუშალეს გამხდარიყო „სიკეთის ანგელოზი“ და ახლა ის შურს იძიებს სამყაროზე, იქცა რა „ბოროტების ანგელოზად“ და ავლენს „ეპიკურ რისხვას“ ირანში.
„ოსლოელი „ვირები“ ნატურალური ვირებივით გაჯიუტდნენ და პრემია არ მომცეს, პაშინიანისა და ალიევის წარდგენის მიუხედავად. სიმართლე რომ ვთქვათ, ვერცერთი ომის შეწყვეტა ვერ შევძელი, მათ შორის უკრაინასა და რუსეთს შორის, რასაც 2 დღეში დაპირებული ვიყავი. სამაგიეროდ, ოქროს და შავი ოქროს მარაგებით ყველაზე მდიდარ ვენესუელაში გამომივიდა, მაშ რატომ უნდა ვაწყენინო ჩემს ერთგულ ბიბის და არ დავეხმარო მას ირანთან?! აშშ მიიღებს კონტროლს ნავთობის მარაგებით მსოფლიოში მესამე და გაზის მარაგებით მეორე სახელმწიფოსზე და ამ სიმდიდრეს ამიერიდან ვერ მიიღებს ვერც ჩინეთი და ვერც ევროპა, რომელიც იძულებული იქნება ეს ყველაფერი ჩემგან, აშშ-სგან იყიდოს! ნეთანიაჰუ კი ეროვნული გმირი გახდება და ისრაელის პროკურატურა ბოლოს და ბოლოს დახურავს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს მუხლებით: „ქრთამის აღება“ და „თაღლითობა და საზოგადოებრივი ნდობის ბოროტად გამოყენება“!“ - ლოგიკურად მსჯელობს ტრამპი. პრეზიდენტ ტრამპს სურს ერთი ხელის მოსმით „გახადოს ამერიკა დიადი“ და ერთბაშად გადაჭრას მისი ყველა პრობლემა ევროპისა და ჩინეთის ენერგომატარებლებით მომარაგების კონტროლის გზით.
ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ქმედებები მუშაობს რუსეთის ეროვნულ ინტერესებზე, ხოლო რუსეთის ქმედებები მუშაობს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე: პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა შეწყვიტოს გაზის მიწოდება ევროპისთვის, რომელიც იძულებული იქნება იყიდოს ამერიკული გაზი და გაამდიდროს აშშ, ხოლო ტრამპმა აიძულა ჩინეთი იყიდოს მხოლოდ რუსული გაზი. აი, რატომაც აიცილა ტრამპმა ამ დღეებში აღშფოთებით ჟურნალისტის კითხვა „ირანისთვის რუსეთის მიერ სადაზვერვო მონაცემებით დახმარების“ შესახებ და მკაცრად დაადანაშაულა ზელენსკი, „რომელსაც არ სურს მშვიდობა, მაშინ როცა პუტინი მზად არის დაასრულოს ომი»!
„ტრიგერი კი ვინ არის?!“
ალუზია ფრთიან ფრაზაზე ალექსანდრე გრიბოედოვის პიესიდან „ვაი ჭკუისაგან“ (ჩაცკის მონოლოგი: „მსაჯულნი ვინ არიან?“) შემთხვევით არ წარმოშობილა. რუსეთის იმპერიის ელჩი ირანში, სახელმწიფო მრჩეველი გრიბოედოვი, თეირანში სპარსელთა მრავალათასიანმა ბრბომ მოკლა რუსეთის დიპლომატიური მისიის 56 თანამშრომელთან ერთად იმის გამო, რომ ისინი რამდენიმე სომეხ ლტოლვილს მალავდნენ. დღეს კი სომხეთი და ირანი - სტრატეგიული პარტნიორები არიან და ირანში ნახევარმილიონიანი სომხური დიასპორა ცხოვრობს. კონფლიქტის პირველივე დღეს საქართველომ მიუსამძიმრა ირანს, თავის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს, თუმცა სპარსელები საუკუნეების მანძილზე ხოცავდნენ და ტყვედ მიჰყავდათ ასობით ათასი ქართველი. ამიტომ მთავარია არა „წარსული დღეების საქმენი, ძველი დროის გადმოცემანი“, არამედ ის, რაც დღეს ხდება.
მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო ისრაელის დაზვერვამ „მოსადმა“ წელიწადზე მეტხანს ამზადა ოპერაცია „პეიჯერი“ „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელებისა და მისი ლიდერის ჰასან ნასრალას ლიკვიდაციისთვის, რომელიც 2024 წლის 17–24 სექტემბერს განახორციელა; მას შემდეგ, რაც 2025 წლის 22 ივნისს შეერთებულმა შტატებმა დაბომბა ირანი (ოპერაცია „შუაღამის ურო“/ Midnight Hammer ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე) და არანაირი პასუხი არ მიუღია; მას შემდეგ, რაც ისრაელის დაზვერვა წელზე მეტი ამზადებდა უნიკალურ ოპერაციას ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციისთვის, რომელიც 2025 წლის 28 თებერვალს განახორციელა, ირანზე ამჟამინდელი იერიში, რომელიც, როგორც ისრაელი აფრთხილებდა, მაინც იქნებოდა მიტანილი - აშშ-სთან ერთად თუ აშშ-ის გარეშე, რომელიც თითქმის ერთი თვე გადაისროდა სპარსეთის ყურეში სამ ავიამზიდს და ასობით თვითმფრინავს, ოპერაცია „ეპიკურ რისხვას“ მოულოდნელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
მ აგრამ მოდი გულახდილად ვთქვათ: ტრიგერი ვინ არის?! განა დღევანდელი ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში შესაძლებელი არ გახდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინაში დაიწყეს თავისივე თანამოქალაქეების განადგურება ეროვნული, რელიგიური და პოლიტიკური ნიშნით, მათი წვა ოდესის პროფკავშირების სახლში?! მთელ მსოფლიოს აზანზარებდა პროპაგანდისტული კამპანია „რუსეთში გასაყიდად წაყვანილი ასობით უკრაინელი ბავშვის“ შესახებ - მელანია ტრამპიც კი ჩაერია! - რაც სინამდვილეში ფეიკი აღმოჩნდა. დღეს კი დასავლეთი ცივად შეხვდა ვიდეოს ირანელი მოსწავლე გოგონების დაკრძალვიდან თავიანთ მასწავლებლებთან ერთად. იმ ადამიანებისგან, რომლებმაც დაივიწყეს „არაბული გაზაფხულის“ ასობით ათასი მსხვერპლი, თითქოს ისინი საერთოდ არც ყოფილან, ვინც ზეიმობდა ჰუსეინის სიკვდილით დასჯას და კადაფის წამებას, სხვა რეაქციას არც უნდა ველოდეთ...
მარჩიელობას, თუ როგორ დასრულდება ომი ირანთან, აპატიებენ თუ არა თავიანთი შვილების მკვლელობას მწუხარებისგან განადგურებული ირანის ასობით ათასი მოქალაქეები, რომლებიც ძაძებში შემოსილნი აცილებდნენ მათ უკანასკნელ გზაზე, ვუტოვებ ჩვენს პოლიტ-გახრწნილებს, „რათა თითოეულის სიბრიყვე აშკარა იყოს“. ეს პუბლიკაცია იმაზე კი არ არის, თუ როგორ შეიყვანა ტრამპმა შეცდომაში მთელი მსოფლიო თავისი პლაკატით, სლოგანით „ეს ჩვენი ნახევარსფეროა“, და ყველამ შვებით ამოისუნთქა, იფიქრა რა, რომ ტრამპი ამიერიდან მხოლოდ დასავლეთ ნახევარსფეროში (კანადასთან და გრენლანდიასთან, კუბასა და კოლუმბიასთან) გაერთობოდა და აღმოსავლეთში არ ჩაყოფდა ცხვირს.
რაც შეეხება ომების დასრულებას, კაცობრიობის ისტორია მოწმობს, რომ ისინი შეიძლება საუკუნეც გაგრძელდეს, მაგრამ მთავრდება მხოლოდ მათი წარმოშობის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, ხოლო მტრის ჯარის განადგურება და უპირობო კაპიტულაცია - ტექნიკური პროცედურებია. მაგალითად, ომი უკრაინაში დასრულდება მისი დენაციფიკაციის შემდეგ, როგორც ფაშისტურ გერმანიაში 1945 წელს, ხოლო პალესტინის მიწაზე მშვიდობა დაისადგურებს მხოლოდ დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, რომელსაც ისრაელი აღიარებს. თუმცა, ომები შეიძლება დროებით შეჩერდეს, თუ ამას ტაქტიკა და პოლიტიკა მოითხოვს, ანუ მაშინ, როდესაც არცერთ მეომარ მხარეს არ შესწევს ძალა საბოლოო გამარჯვებას მიაღწიოს.
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2026 წლის 9 თებერვალი
საქართველო, თბილისი