პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: თბილისის მექანიზმი – მოსკოვის მექანიზმის წინააღმდეგ

   გასულ კვირას ევროკავშირმა სამჯერ ოფიციალურად და დოკუმენტურად გამოხატა თავისი უკმაყოფილება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებით, რომელიც დაკომპლექტებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნებით“.

ის ფაქტი, რომ 27 თებერვალს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას მისი საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, ბევრ რამეზე მეტყველებს:

• რომ საქართველოში მმართველი პარტია არ არის მიტოვებული ბედის ანაბარად და არ არის დაბნეული, როგორც ამას ამომრჩევლებში პროპაგანდირებს რადიკალური ოპოზიცია და მისი მომსახურე ტელეარხები;

• დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დაინიშნება თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები – ამ თემებზე ინსინუაციები ზედმეტია, ფაქტია, რომ მილიარდერი კვლავაც მიმართავს მის მიერ შექმნილ სახელისუფლებო პარტიას იმ კურსით, რომელიც, მისი აზრით, მოცემულ სიტუაციაში ერთადერთი მისაღებია;

• რომ მილიარდერი, ბიზნესმენი და ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დღეს საქართველოში რჩება ერთადერთ პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც ხელმძღვანელობს ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მიმღებ პარტიას;

• ხოლო ოპოზიციამ, რადიკალურმა თუ კონსტრუქციულმა, ვერ შეძლო და ვერც შეძლებს საერთო მნიშვნელამდე მისვლას და თავისი, ივანიშვილის ალტერნატიული კანდიდატურის წამოყენებას, ვინაიდან ასეთი ოპოზიციონერებს შორის უბრალოდ არ არსებობს.

   ამიტომ, ევროკავშირის მიერ ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქვემოთ ჩამოთვლილი სამივე აქცია, პირველ რიგში, მიმართულია ბიძინა ივანიშვილის, როგორც მოქმედი ხელისუფლების დასაყრდენის, წინააღმდეგ, ესენია:

1. ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული მოხსენება საქართველოს შესახებ, რომელიც 23 წევრი სახელმწიფოს მოთხოვნით ამოქმედდა;

2. ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტპატიმრების შესახებ“;

3. ეუთოს წევრი 24 სახელმწიფოს ერთობლივი განცხადება, რომელიც მოუწოდებს საქართველოს სრულად შეასრულოს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციები (ტექსტი თავის ვებგვერდზე გაავრცელა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ).

   დიდი ბრიტანეთის გეგმებზე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში და რატომ უშლის ხელს ლონდონს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, წაიკითხეთ აქ, დავამატებ მხოლოდ, რომ:

1. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას სათავეში უდგას დიდი ბრიტანეთი;

2. არა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, ირანი ან რუსეთი, არამედ დიდი ბრიტანეთი ლიდერობს საქართველოში ტრანსსასაზღვრო ფულადი გზავნილების მოცულობით, თანაც - არა პირველი წელია;

3. რომ ერთადერთი თემა, რომელიც ქართულ საზოგადოებას აცნობეს, სხვათა შორის, რომლებიც განიხილეს „ქართული ოცნების“ ზემოაღნიშნულ პოლიტსაბჭოზე, იყო დიდი ბრიტანეთის სანქციების თემა ორი ქართული ტელეკომპანიის - „IMEDI“ და „POSTV“ წინააღმდეგ.

   აშკარად წინასწარ, ტრაფარეტულად და ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერების კარნახით დაწერილი, რომლებიც ითხოვენ „ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების ნებისმიერი გზით დამხობას“, სამივე დოკუმენტი შეიცავს მოთხოვნებს გაუქმდეს ბოლო 2 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყველა ის ქმედება, რომელიც „არღვევს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ თავისუფლებებს, მედიის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და პოლიტიკურ პლურალიზმს“, დაწყებული ამერიკული FARA-დან კოპირებული ქართული კანონით „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“, კანონებით „გრანტების შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, დამთავრებული „პოლიტპატიმრებისა“ და სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებით. პრაქტიკულად ევროკავშირი ითხოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ნებაყოფლობით გადადგომას - დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები და უზრუნველყოს მათი ჩატარების ისეთი პირობები, რომლებშიც გაიმარჯვებს რადიკალური ოპოზიცია.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროპარლამენტში გამოესარჩლა საქართველოს – 11 მარტს მაღალი ტრიბუნიდან თავის გამოსვლაში მოითხოვა, რომ ევროკავშირმა აღადგინოს გაყინული კონსტრუქციული დიალოგი საქართველოსთან, რომელზეც გადის სომხეთის გზა ევროკავშირში“. თუ ევროკავშირი სომხეთს სრულუფლებიან წევრად მიიღებს, ეს შესანიშნავი იქნება. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ მაინც მივიღებთ სარგებელს, რადგან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს“, - აღნიშნა ფაშინიანმა, რომელიც მანამდე საქართველოს ვიზიტით ეწვია (3-4 მარტს).

არადა სულ ახლახან, ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებამდე, სომხეთზე – ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის წევრზე – გადიოდა „გზა რუსეთისკენ“, რისთვისაც ქართველებს სომხები მაგალითად მოჰყავდათ მათი პრაგმატიზმის გამო, ხოლო ქართული ოპოზიცია სომხეთს მოიხსენიებდა აზერბაიჯანის, თურქეთის, ბელორუსიისა და რუსეთის „დიქტატორული რეჟიმების“ გვერდით! მაგრამ სომხეთში მომხდარი ცნობილი მოვლენებისა და პრემიერ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სომხების მაგალითად მოყვანა უკვე ქართველმა ოპოზიციონერებმა დაიწყეს. მეტიც – მკაცრად აკრიტიკებდნენ რა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ირანის დაღუპული პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე დასწრების გამო, მით უმეტეს – ჰამასის (პალესტინური მოძრაობის პოლიტბიუროს ხელმძღვანელ ისმაილ ჰანიასთან), „ჰეზბოლას“ (დაჯგუფების გენერალური მდივნის მოადგილე შეიხ ნაიმ კასემთან) და „ისლამური ჯიჰადის“ (პალესტინური დაჯგუფების გენერალურ მდივან ზიად ან-ნახალასთან) ხელმძღვანელებთან ერთად, ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა აბსოლუტურად „ვერ შეამჩნიეს“ იქვე, პირველ რიგში მდგომი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

   ეს – ქართული ოპოზიციის ორმაგი სტანდარტების თემაზე, რომელსაც დღეს ყოველ კუთხეში საქართველოს მთავრობისთვის მაგალითად მოჰყავს ფაშინიანის მიღწევები.

გაუგებარია - ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის თვალსაზრისით ვისი გზა აწყობს ქართულ ოპოზიციას, რომელმაც დღეს დაიწყო მზადება მორიგი „რევოლუციისთვის“ (იმ იმედით, რომ „ევროპა დაეხმარება“): პრემიერ ფაშინიანის, თუ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის? ნუთუ ქართულ პოზიციას აწყობს ფაშინიანის პოზიცია – „გამოვა ევროკავშირში შესვლა - კარგია, არ გამოვა - ეგეც კარგია, სამაგიეროდ სომხეთი დაუახლოვდება ევროსტანდარტებს!“?

ფაშინიანი თამაშობს „სამ დაფაზე“ - იცის რა, რომ ევროკავშირში, რომელმაც ამოწურა თავისი თავი როგორც ორგანიზაციამ, სომხეთს არ მიიღებენ, იყენებს სომხეთის „ევროპული ინტეგრაციის“ ფაქტორს სამხრეთ კავკასიაში ახალი ამერიკულ-აზერბაიჯანული ტრენდის საპირწონედ („ტრამპის მარშრუტი“, მოდულური ატომური ელექტროსადგურები და სხვ.) – აქაოდა, „სომხეთისთვის მზე მხოლოდ რუსეთსა და აშშ-ზე არ ამოდის — ის ევროპისთვისაც სასურველიაო“! მეორეს მხრივ, მიიღო რა აზერბაიჯანული ენერგომატარებლები, ფაშინიანი შიშის გარეშე უყურებს რუსულის დაკარგვას, მაგრამ იქნება თუ არა პერსპექტივაში ბაქოს ფასები ისეთივე შეღავათიანი, როგორიც რუსული - ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი სომხეთისთვის? ნუთუ პრემიერ ფაშინიანს და ქართულ ოპოზიციას არ ესმით, რომ სასწაული რომც მოხდეს - სომხეთი და საქართველო ევროკავშირში მიიღონ - ფასებს მათთვის - მოსკოვიც და ბაქოც - ევროპულს დააწესებენ? სხვაგვარად მათ უფლებაც არ აქვთ! არადა საქმე სომხეთისთვის, მით უმეტეს – საქართველოსთვის მხოლოდ ენერგომატარებლებით არ შემოიფარგლება, რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ექსპორტიორი და იმპორტიორი, აღარაფერს ვამბობ რუს ტურისტებზე, ფულად გზავნილებსა და სხვა „წვრილმანებზე“.

   და კიდევ: სომხეთში ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ჰომოსექსუალური პროპაგანდის საკითხი ისე მწვავედ არ დგას, როგორც საქართველოში, მაგრამ თუ ევროკავშირი მოსთხოვს ერევანს ერთსქესიანი ქორწინებებისა და ბავშვებში სქესის შეცვლის ოპერაციების დაკანონებას, დათანხმდებიან თუ არა ამაზე სომხები - მხოლოდ იმიტომ, რომ შეესაბამებოდნენ „ევროსტანდარტებს“, რომლებზეც ფაშინიანმა სტრასბურგში განაცხადა (იხ. ზემოთ)? ან განა დაუშვებენ ქართველები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებისა და თავიანთი კათოლიკოს-პატრიარქის დევნას, როგორც ამას ფაშინიანი აკეთებს სომხეთში?

   და საერთოდ - რა არის „ქართული ოცნებისთვის“ უფრო პრიორიტეტული – ურთიერთობები ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთთან, თუ ურთიერთობები აშშ-სთან? ორი ბატონის მსახურება არ გამოვა - დღითიდღე მზარდი ანტაგონიზმი აშშ-სა და ევროკავშირს შორის, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის გამორიცხავს ევროინტეგრაციის შეთავსების პერსპექტივას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის „რეანიმაციასთან“.

   არავის აინტერესებს საქართველოს აზრი აშშ-ისა და ისრაელის კამპანიასთან დაკავშირებით ირანში, ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების „ქეისი“, მაგრამ რატომ გამოდის ხელისუფლება მოპასუხის როლში ქართულ ტელევიზიებში უაზრო დებატებზე და ერთხელაც არ ჰკითხა ოპოზიციას - რამდენად მისაღებია მათთვის აშშ-ის ქმედებები ვენესუელასა და ირანში? თუ მისაღებია, მაშინ რატომ არის მიუღებელი რუსეთის ქმედებები საქართველოსა და უკრაინაში? პრეზიდენტმა პუტინმა ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოახდინეს გერმანიის ოკუპაცია: იყო თუ არა ეს ოკუპაცია იძულებითი და აუცილებელი, ქართველი რუსოფობი ოპოზიციონერების აზრით? და თუ ტრამპის პოლიტიკური მეთოდები - იმოქმედოს გარემოებების მიხედვით - მისაღებია ქართული ოპოზიციისთვის, რატომ უნდა იყოს ისინი მიუღებელი საქართველოს ხელისუფლებისთვის? რატომ შეუძლია ტრამპს რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნა, საქართველოს კი არ შეუძლია რუსული ბენზინის ყიდვა?

სხვათა შორის, აზერბაიჯანის და არა ფლეგმატური ქართული საგარეო პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ყულევის პორტ-ტერმინალი, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობგაზის კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, ევროკავშირმა ამოიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტიდან.

   ნახეთ: გასულ კვირას აშშ-ის სახვითი ხელოვნების კომისიის ხელმძღვანელმა როდნი კუკმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილოს კულტურული კავშირები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. მე ვვარაუდობ, რომ მას მალე შევხვდები. თუ პრეზიდენტს ჩემი რჩევა დასჭირდება, მან იცის, რომ მე შემიძლია“, - განაცხადა კუკმა, რომლის ფუნქციებიც აშშ-ში კულტურის მინისტრს შეესაბამება.

დიახ, მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ხელოვნებას, კულტურას და ჩვენს საერთო ქრისტიანულ მემკვიდრეობას შეუძლია გააუმჯობესოს ურთიერთობები აშშ-სა და რუსეთს შორის. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება, რომელსაც ჩვენ ვფლობთ ჩვენს ქვეყნებს შორის მშვიდობის დასამყარებლად, - თქვა მან. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ წარსულში. განსაკუთრებით ეს ეხება სიუზან ეიზენჰაუერის საქმიანობას. ვიმედოვნებ, რომ მომავალში შევძლებ მივბაძო მის მაგალითს ჩვენს ორ ქვეყანას შორის კონტაქტების დამყარებაში“.

   ცნობისთვის: სიუზან ეიზენჰაუერი აშშ-ის პრეზიდენტის დუაიტ ეიზენჰაუერის შვილიშვილია. იგი მხარს უჭერს რუსეთსა და აშშ-შორის ურთიერთობების განვითარებას. თავად როდნი კუკი კი ძეგლთა მსოფლიო ფონდის ამერიკული ეროვნული ფონდის პრეზიდენტის რანგში ბევრ არქიტექტურულ პროექტზე მუშაობდა რუსეთში. კერძოდ, მონაწილეობდა მოსკოვის ოლქში ახალი იერუსალიმის აღდგომის მონასტრის რესტავრაციაში, ასევე კითხულობდა ლექციებს არქიტექტურაზე კრემლის იარაღის პალატაში და ლევ ტოლსტოის მამულში „იასნაია პოლიანა“.

   იბადება კითხვა: თუ ამერიკელები იმედოვნებენ, რომ „ხელოვნებას, კულტურას და საერთო ქრისტიანულ მემკვიდრეობას“ შეუძლია გააუმჯობესოს აშშ-ის ურთიერთობები რუსეთთან, მაშინ ჩვენ, ქართველებმა, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ იგივე ბერკეტები იმავე მიზნებით? განა ჩვენ, ქართველებს, არ გვინდა ყველაფერში ამერიკელებს ვგავდეთ? ბევრია რო მსოფლიოში ქვეყანა, რომელთა ხელოვნება, კულტურა და ქრისტიანული მემკვიდრეობა ისევე განუყოფლადაა გადაჯაჭვული და ურთიერთშემავსებელი, როგორც საქართველოსი რუსეთთან?! რუსოფობიური ოპოზიციის შიშით საქართველოს კულტურის სამინისტრო პოლიტიკური კონიუნქტურის მძევლად იქცა. რატომ აკეთებენ სწორებას საქართველოში „მოსკოვის მექანიზმზე“, და დღემდე არ ამოქმედდა „თბილისის მექანიზმი“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს?

   „რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის“ საფუძველზე, რუსეთი უკვე 100-ჯერ იყო ვალდებული გამოეყენებინა ბირთვული იარაღი ევროპისა და აშშ-ის წამყვანი ქვეყნების წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ გააკეთა - და მოიგო. ნუთუ ირანის გაკვეთილებმა არაფერი გვასწავლა? ჩვენ, ქართველებისთვის, რა მნიშვნელობა აქვს - უკრაინის რა ნაწილი ერგება რუსეთს? მაშ რას ველოდებით?! რომ მუშაობდეს „თბილისის მექანიზმი“, მაშინ უკრაინა, რომელიც უკვე უგზავნის ბანდიტებს ვიქტორ ორბანს - აშშ-ის პრეზიდენტის მეგობარს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრეზიდენტს - დიდი ხნის წინ უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს მიმართ არამეგობრულ ქვეყნად, არადა ზელენსკის შეუძლია თავისი ბანდიტები ივანიშვილთანაც გამოგზავნოს, ან გამოაგზავნოს ისინი თბილისში სააკაშვილის გასათავისუფლებლად!

   დიახ, ყველაზე ცუდი „ქართული ოცნება“ 100-ჯერ უკეთესია, ვიდრე სააკაშვილის ყველაზე კარგი ოპოზიცია, მაგრამ ირანის გაკვეთილები გვასწავლის, რომ მხოლოდ ის ხელისუფლებაა დაუმარცხებელი, რომელსაც ხალხი უჭერს მხარს. ის, ვინც დღეს უკარნახა „ქართულ ოცნებას“ ავტომობილების განბაჟების, პლასტმასის ტარის აკრძალვისა და განათლების რეფორმის შესახებ დაუმუშავებელი კანონების ინიცირება, მისი მტერია და არა მეგობარი. საქართველოს ახალ მთავრობას, რომელსაც ისედაც ბევრი ძლიერი მტერი ჰყავს - ევროკავშირი, ოპოზიცია, წინა მთავრობა, რომლის მინისტრებიც ციხეში სხედან, ახალი მტრები გამოუჩნდნენ - ბიზნესმენები, სტუდენტები, ლექტორები. ხალხი უკიდურესად უკმაყოფილოა: საქართველოს მოქალაქეებისთვის მინერალური წყლები უფასო უნდა იყოს, აქ კი ქართველი მალე ვეღარ შეძლებს „ბორჯომის“ დალევას ძვირადღირებული მინის ბოთლის გამო! ამავდროულად, არსებობს პლასტმასის გადამამუშავებელი შედარებით იაფი ხაზები, რომლებიც საშუალებას იძლევა ციკლი დაიხუროს და რომლებსაც სიამოვნებით შეისყიდიან ქართველი ბიზნესმენები. ან გარემო უფრო სუფთა გახდება, თუ 2020 წლამდე გამოშვებული ავტომობილების განბაჟება 4-ჯერ უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე თავად ავტომობილი?!

შედეგად მივიღეთ, რომ დროულად არაინიცირებული დაუხვეწავი კანონების გამო, რომელთათვისაც არ მოამზადეს საზოგადოებრივი აზრი, წულუკიანის კომისიის რეზოლუცია – ნამდვოლი „თბილისის მექანიზმი“, რომელმაც კომპლექსურად და დოკუმენტურად დაგმო სააკაშვილისა და მისი დამქაშების სისტემური დანაშაულები საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ – დღემდე მტვერება საკონსტიტუციო სასამართლოს თაროზე, ხოლო დანაშაულებრივი ორგანიზაციები, რომელთა დახურვასაც კომისია სარჩელში რეკომენდაციას უწევს, კვლავ ამზადებენ სახელმწიფო გადატრიალებას.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2026 წლის 16 მარტი
საქართველო, თბილისი