საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ქართული ოპოზიციური ალიანსი ვაშინგტონში ვიზიტისთვის ემზადება, სადაც პარტიების წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარების განხილვას და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას გეგმავენ.
მოლაპარაკებების დღის წესრიგშია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პოლიტპატიმრები, ადამიანის უფლებების დარღვევა, სასამართლო სისტემის მდგომარეობა და პოლიტიკური კრიზისი. სავარაუდოდ, ოპოზიცია ასევე მოითხოვს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
„ალიანსი ვაშინგტონში მიდის, როგორც დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებას რთული მდგომარეობიდან გამოსვლის საკუთარ ხედვასა და გზას გააცნობს. ეს იქნება ვიზიტი იმ გეგმით, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად“, — განაცხადა პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების გამართვა აპრილის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. თუმცა, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების გამო, ოპოზიციის ყველა ლიდერს ქვეყნის დატოვებას ვერ შეძლებს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დელეგაციაში თითოეული პარტიიდან მინიმუმ ერთი წარმომადგენელი მაინც იქნება.
„კონტაქტები ამერიკულ მხარესთან, მათ შორის კონგრესთან, სენატთან და ადმინისტრაციასთან უკვე არსებობს. თუმცა, კონსოლიდირებული, ერთიანი ვიზიტი აქამდე არ შემდგარა და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ის განხორციელდება“, — აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი წერეთელმა.
ოპოზიციის განმარტებით, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება ვაშინგტონიდან დაიწყება და მოგვიანებით ბრიუსელში გაგრძელდება.