აქტუალური
დღეს საქართველოს საგარეო ვალი 40 მილიონი დოლარით გაიზარდა

sesxi3თბილისი, 15 სექტემბერი, საქინფორმი. მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობს. ამის დასტურად კი დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის „განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების (DPO III)“ დაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა.

აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) მიერ შეღავათიანი საბიუჯეტო სესხის გამოყოფას საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმების მხარდასაჭერად. სესხის ოდენობა 40 მლნ აშშ დოლარია, მისი ხანგრძლივობა – 25 წელი, შეღავათიანი პერიოდი – 5 წელი, საპროცენტო განაკვეთი – წლიური 2%.

აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ასად ალამმა. ჯერჯერობით უცნობია, რას მოახმარს საქართველოს მთავრობა ამ საკმაოდ მსუყე ლუკმას.

შეგახსენებთ, რომ 2009-2010 წლებში საქართველომ ამავე პროგრამის პირველი (DPO I) და მეორე (DPO II) ტრანშის ფარგლებში 90 მლნ და 51 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი დაფინანსება მიიღო.