საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. შეიძლება, ბევრი მიზეზი ჰქონდეს სამართალდამცველთა რიგებში დამნაშავე პირების დაუსჯელობას, გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ შედეგებს, ეს ტრაფარეტულიც გახდა ბევრ შემთხვევაში. ვაღიაროთ, რომ ხანდახან ამას თავის არიდების მიზნით და ცოტა რთულ სიტუაციაში როცა ხარ ადამიანი, მაშინ იყენებ, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში “იმედი LIVE”.
მდინარაძის განმარტებით, აუცილებელია, სამართალდამცველთა რიგებში ერთეული დამნაშავეები იდენტიფიცირებული და დასჯილი იყვნენ, რათა სამართალდარღვევის ერთეულმა შემთხვევებმა არ გააფუჭოს ის დიდი საქმე, რასაც სამართალდამცავები გმირულად აკეთებენ.
„ამას რაღაც მიზეზები აქვს – სუბიექტური და ობიექტური. მაგალითად, შეიძლება, ბევრი ობიექტური მიზეზი ჰქონდეს. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი შეიძლება იყოს ის, რომ სამართალდამცავ ორგანოთა შორის რაღაც სოლიდარობა შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ არის ქართული ფენომენი. მსოფლიოში ასე ხდება, რომ სამართალდამცველები ერთმანეთის მიმართ არიან სოლიდარულები. შეიძლება, ჩემმა ამ ახალმა ამპლუამ და ფუნქციამ ამ ნახევრად ხარვეზის თუ ხარვეზის აღმოფხვრის კიდევ უფრო მეტი საშუალება გააჩინოს. მე, პირადად, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, შემთხვევით არ ვამბობ ამას – როგორც კი ამ თანამდებობაზე დავინიშნები, ამ და ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩემი რეაგირება და კოორდინაცია მექნება, მათ შორის, კონკრეტულ მსგავს მაგალითებზე. ალბათ, შეიძლება, დარწმუნებით ვერაფერი თქვა, რადგან წინასწარ მტკიცებულებები ჩასახედია კარგად. სანახავია, კოორდინაციაც განსახორციელებელია, რომ ასეთი დანაშაულების კიდევ უფრო დეტალური, სიღრმისეული შესწავლა და დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა მოხდეს, რათა ხვალ, ერთი მხრივ, ჩვენ დავაფასოთ ჩვენი პოლიციელი, ნებისმიერი სხვა სამართალდამცველი, რასაც აკეთებს თავისი გმირული საქციელისთვის. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ და განუხრელად მივაღწიოთ ყველამ იმას, რომ ასეთმა ერთეულმა შემთხვევებმა არ გააფუჭოს ის დიდი საქმე, რასაც სახელმწიფოში ეს ადამიანები გმირულად აკეთებენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, არის უამრავი შემთხვევა, როცა სამართალდამცველს რაღაცას აბრალებენ და იქ „უნდა დაიცვა ბოლომდე“.
„ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს ემოცია. ამ შემთხვევაში, როგორც ხელმძღვანელის პოზიციიდან, ჩემი თანამშრომლის და ნებისმიერი სამართალდამცველის დაცვის ინსტინქტი კიდევ უფრო მძაფრად მაქვს, მქონდა და ყოველთვის მექნება. მაგრამ როდესაც აშკარა დანაშაულს ჩადის, ამ შემთხვევაში ისევე მკაცრი უნდა იყო, რომ ამის პრევენცია მოახდინო მეორე მხრივ, როგორც მკაცრი ხარ სხვა სამართალდამრღვევის და დამნაშავის მიმართ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მან კონკრეტული მაგალითის სახით მოიყვანა 2024 წლის აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან გამოვლენილი გადაცდომების შემთხვევები და პირობა დადო, რომ ასეთი ქმედებების პრევენცია მოხდება და მსგავსი საკითხებით უფრო მეტად დაინტერესდება.
„შეგვიძლია, კადრები გავიხსენოთ, მათ შორის 2024 წლის მოვლენები, რომელიც ამ დღეებში აქტუალური გახდა. ბევრი გვიფიქრია ამ თემებზე, ბევრი გვილაპარაკია და რომ არ დაგიმალოთ, ბევრი გვინერვიულია კიდევაც, როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი. როდესაც ჟურნალისტს, როგორიც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს. ახლა კი არ ვამბობ, ბევრჯერ მითქვამს, ზუსტად ასე მილაპარაკია, მაგრამ ახლა ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, რომ შეიძლება, ასეთი საკითხებით, უფრო მეტად დავინტერესდეთ. მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და შეიძლება, წარსულითაც დავინტერესდე, როდესაც ჩემი კომპეტენცია მექნება და უფლებამოსილებაში შევალ, როგორც სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.