პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს ყველა მიმართულებით

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. ისევე როგორც პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერსაც, კონკრეტულად სახელმწიფო მინისტრს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი. თავადაც ხვდებით, რომ საქილიკო არაფერია, თუმცა აქაც ახერხებს ოპოზიცია რაღაც სპეკულაციების გავრცელებას. ეს მათი სახეა და საინტერესო არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რას ემსახურებოდა ცვლილებები, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი სამართალდამცავი სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება.

ეს ყველაფერი ემსახურებოდა სამართალდამცავი სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას. გაჩნდა ახალი რგოლი – კოორდინაციის რგოლი. ამ ფუნქციას მამუკა მდინარაძე მანამდეც ასრულებდა, ოღონდ კონკრეტული უწყებიდან, ეს იყო ფაქტობრივი მდგომარეობა. ჩვენ გადავწყვიტეთ იმ მოცემულობის ფორმალიზება, რაც მანამდეც იყო ჩამოყალიბებული. რეალურად, იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურები – შსს, სუს-ი, სდსს-ი და მათ საერთო კოორდინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრი.

ახალი თანამდებობა არის ამისათვის განკუთვნილი, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე ზრუნვას. ამ ერთი წლის განმავლობაში ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს ყველა მიმართულებით – კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ასევე მიგრაციული პოლიტიკის უკეთ დაგეგმვის კუთხით. ამას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო განვითარება. ამას ემსახურება სტრუქტურული ცვლილებები“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მამუკა მდინარაძემ ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები განახორციელა სუს-ში და მისი საქმიანობა ახალ თანამდებობაზე კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

მამუკა მდინარაძე არის გამორჩეულად წარმატებული წევრი ჩვენს გუნდში, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი საქმიანობა იყო გამორჩეულად წარმატებული, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ტერორისტული მიმართულებით და ა.შ. ყველა მიმართულებით მისი საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული. ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები განახორციელა მან სამსახურში. მამუკა მდინარაძე იქნება ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი, აღჭურვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით. დარწმუნებული ვარ, ამ ფუნქციებით კიდევ უფრო წარმატებული იქნება თავის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც ძალიან წარმატებული იყო. მას მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი. როგორც პრემიერ-მინისტრს ემსახურება მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, ანალოგიურად მოემსახურება ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრსაც. ზუსტად იგივე კონფიგურაციაა, რაც პრემიერის შემთხვევაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.