საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ 29 აპრილს გამართა ბრიფინგი, სადაც ისაუბრა საქართველოს და რუსეთს შორის "ისტორიულ მემკვირდეობაზე."
ზახაროვას დაუსვეს კითხვა 9 მაისზე, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეზე.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი სამამულო ომის დროს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საერთო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ეპიზოდად რჩება, რომელიც ჩვენი ქვეყნების ხალხებს აერთიანებს?" - ეკითხება ზახაროვას ჟურნალისტი.
პასუხის გაცემისას, ზახაროვა მადლობას უხდის ჟურნალისტს, რომ გამარჯვება " "ჩვენებად" და "მათებად" " არ დაყო.
ზახაროვა ახსენებს, რომ საქართველოს სსრ-ს 3.5 მილიონიანი მოსახლეობიდან 700 000 იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. აქედან კი დაახლოებით ნახევარი დაიღუპა.
ზახაროვას თქმით, ეს ჯარისკაცები იცავდნენ "ჩვენს საერთო სამშობლოს, იცავდნენ ჭეშმარიტ თავისუფლებას და მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას".
მისი თქმით, "რუსეთი ინარჩუნებს საერთო ისტორიულ მემკვიდრეობას საქართველოსთან. ყურადღებით ვუვლით სამხედრო მემორიალურ ადგილებს ჩვენს ტერიტორიაზე".
ზახაროვა იმედოვნებს, მომავალი ცერემონია "სათანადოდ გაშუქდება საქართველოში."
"ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნები კვლავაც შეინარჩუნებენ დიდი გამარჯვების მემკვიდრეობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც აშკარაა ამ ისტორიის გადაწერის, მისი „გაუქმების“ და ყველანაირად დამახინჯების მცდელობები", - განაცხადა ზახაროვამ.