საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. უცხოეთის მოქალაქეები და უცხოური კომპანიები ქართულ ბანკებში 13 მილიარდ ლარს ინახავენ, რომლის 72%-იც უცხოურ ვალუტაში არის განთავსებული.
ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშიდან ირკვევა დეპოზიტართა მოქალაქეობის შესახებ დეტალური სტატისტიკა. დოკუმენტის თანახმად, უცხოელ დეპოზიტართა შორის პირველ ადგილს კვლავ რუსეთის მოქალაქეები იკავებენ, რომელთაც მთლიანად არარეზიდენტთა დეპოზიტებში 37% ეკუთვნით , რაც თანხობრივად 4.8 მილიარდ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე არიან ისრაელის მოქალაქეები, რომელთა დანაზოგებიც ქართულ ბანკებში 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს, მესამე პოზიციას კი უკრაინის მოქალაქეები იკავებენ 912 მილიონი ლარით.
საქართველოში უცხოელთა დეპოზიტების მკვეთრი ზრდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო, კერძოდ კი უცხოელთა დეპოზიტები 2021 წელს შეადგენდა 5.2 მილიარდ ლარს, საიდანაც რუსეთის წილი მხოლოდ 14% იყო (729 მლნ ლარი), 2022 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 8.06 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც რუსეთის წილი 37% გახდა (2.98 მლრდ ლარი, ზრდა 309% 2.2 მლრდ ლარი); 2023 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 9.07 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც რუსეთის წილი 38% გახდა (3.46 მლრდ ლარი, ზრდა 16%). 2024 წლის ბოლოს კი უცხოელთა დეპოზიტებმა 10.7 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც რუსეთის წილი 37% იყო (3.95 მლრდ ლარი, ზრდა 15%), 2025 წლის დეკემბერში კი უცხოელთა სადეპოზიტო პორტფელი 12 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც რუსეთის წილი 37%-ზე შენარჩუნდა (4.35 მლრდ ლარი, ზრდა 10%), 2026 წლის პირველი კვარტალის ბოლოსთვის კი უცხოელთა დეპოზიტების პორტფელმა 13 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც რუსეთის წილი 4.8 მილიარდ ლარამდეა.
bm.ge