აქტუალური
საქართველოს საგარეო ვალი $9.2 მილიარდია

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 9.2 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც წლიურად 183 მილიონ დოლარზე მეტად არის გაზრდილი.

ვალის ზრდაზე გავლენა მოახდინა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაფორმებულმა ახალმა საკრედიტო შეთანხმებებმა, რომლებიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობასთან არის დაკავშირებული. მათ შორისაა 360-მილიონიანი საკრედიტო შეთანხმება, რაც ფინანსთა სამინისტრომ აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ბათუმი-სარფის მაგისტრალის და გვირაბის მშენებლობისთვის გააფორმა.

საქართველოს საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წინაშე აღებულ სესხებს უკავშირდება. მთლიანი პორტფელით პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობით. მეორე პოზიციას 2.3 მილიარდი დოლარით მსოფლიო ბანკი იკავებს. რაც შეეხება ქვეყნებს, მათ შორის პირველ ადგილზეა საფრანგეთი (AFD), რომლის მიმართაც საქართველოს 858 მილიონი დოლარის ვალი აქვს.