პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: „პუტინის გზა“, როგორც ერთიანი საქართველოსკენ მიმავალი გეზი

   „რუსეთი და ჩინეთი კი არ აყალიბებენ ახალ მსოფლიო წესრიგს, არამედ აფორმებენ მას“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა 2025 წლის ივნისში პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (ПМЭФ). გავიდა ერთი წელი, მაგრამ „ახალი მსოფლიო წესრიგის გაფორმების“ პროცესი, რომელიც, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, „ბუნებრივად წარმოიქმნება — როგორც მზის ამოსვლა, რომელსაც ვერსად გავექცევით“, არ დასრულებულა.

   რა ადგილი ერგება საქართველოს ახალი მსოფლიო წესრიგის გაფორმებისას? იქნება თუ არა ეს ადგილი ღირსეული? — ამას გადაწყვეტენ არა მხოლოდ ისინი, ვინც აფორმებს ან აყალიბებს ახალ მსოფლიო წესრიგს, არამედ ბევრი რამ თავად საქართველოზეცაა დამოკიდებული, მის ხელისუფლებაზე, რომელსაც დღეს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.

   ბირთვული აფეთქება ბევრჯერ უფრო კაშკაშა და ცხელია ვიდრე მზე, რომლის ამოსვლასაც პუტინმა შეადარა ახალი მსოფლიო წესრიგის წარმოქმნის გარდაუვალობა. და თუ ის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხდება, მაშინ პოლიტიკური ამბიციები და დღეს საქართველოში პოპულარული ფილოსოფიური სპეკულაციები Deep State-ზე მყისიერად აორთქლდება. არადა, რუსეთის ქალაქებზე უკრაინული დრონების თავდასხმებით შთაგონებული ევროპა აშკარად მიისწრაფვის დაჩრდილოს ამერიკის მილიტარისტული ინიციატივები და ომი უკრაინაში — ამის უვერტიურაა. ევროპელ ლიდერებს, რომლებიც სუიციდური იდეისგან - საკუთარ თავზე გამოსცადონ რუსული ბირთვული იარაღის ძალა - ადრენალინის კაიფს იღებენ, არ ესმით, რომ არავითარი ნარნარი გადასვლა, რათა გაჩერდნენ და დიპლომატიურად უკან დაიხიონ, არ არის მოსალოდნელი: მძიმე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის „სარმატის“ სტარტი უეცარი იქნება, წინასწარო სატელევიზიო პრეზენტაციის გარეშე, ამიტომ ფერფლად მქცეველი დარტყმა მათ მოულოდნელად დაატყდებათ თავს.

ევროპა, რომელიც ადრე განთქმული იყო თავისი პრაგმატიზმითა და შორსმჭვრეტელობით, რაც მძლავრი, ამჟამად კი გასაჭირში მყოფი ევროპული ეკონომიკის შექმნის წინაპირობა გახდა, ყოველდღიურად სულ უფრო კარგავს ელემენტარულ ადეკვატურობას, ისევე როგორც დასავლური პროპაგანდის გავლენის ქვეშ მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიცია — უცხოური გავლენის კლასიკური აგენტი. მოსკოვის პრაქტიკულად ყოველდღიური გაფრთხილებები — არ გადაკვეთონ „წითელი ხაზი“, რის შემდეგაც მიღებული იქნება არა „სარკისებრი“, არამედ გამანადგურებელი არაპროპორციული ზომები, სერიოზულად არ აღიქმება. ანდაზა რუსებზე, რომლებიც ცხენებს „დიდხანს აბამენ, მაგრამ სწრაფად მიდიან“, როგორც ჩანს, ახალი ევროპული და პროევროპული პოლიტიკური ელიტებისთვის უცნობია.

როგორც გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამართლიანად განაცხადა, „1940-იან წლებამდე ევროპაში არ არსებობდა ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა, რასთან დაკავშირებითაც დიდი პრობლემები იყო. ევროპისთვის ეს ღირებულებები უცხო იყო და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განსაკუთრებით 1949 წლიდან, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, ჩამოყალიბდა ახალი კონსტიტუციური სისტემები, ევროპაში დამკვიდრდა ახალი ღირებულებები. მანამდე კი ევროპა იყო უწყვეტი ომების, ინკვიზიციის სივრცე, სადაც კოცონზე წვავდნენ ადამიანებს, მეცნიერებს... ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ღირებულებები ევროპაში არც ისე ძველია, ისინი გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს დამკვიდრდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევახსენოთ ევროპელ ბიუროკრატებს, რომ იმის დაკარგვა, რასაც მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის ისტორია აქვს, ძალიან ადვილია“.

   რაც შეეხება მთავარ პროექტს, რომელზეც დღეს სამხრეთ კავკასიაში მუშაობენ და რომელიც ევროპისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ხდება: აშკარაა, რომ ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის პრიორიტეტული მონაკვეთი ქართული იქნება და არა სომხური. ზანგეზურის დერეფანი — „ტრამპის მარშრუტი“ (TRIPP) გადის სომხეთ-ირანის საზღვარზე, რაც მკაცრ კლიმატურ პირობებთან და დაუსახლებელი ტერიტორიის მთიანი რელიეფის სირთულესთან ერთად, მის დაცვას ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიებისთვის არცთუ იოლ ამოცანად აქცევს. ისევე როგორც იქვე ამერიკული დაზვერვის მომსახურე მონაცემთა დამუშავების ცენტრისა (data center) და ამერიკული მოდულური ატომური ელექტროსადგურების აშენება, რომელთა უსაფრთხოებაც ბევრ კითხვას ბადებს.

შეუდარებლად უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხოა „ქართული მარშრუტი“ კარგად განვითარებული ლოგისტიკით: ფოთის პორტიდან კონსტანცას (რუმინეთი) პორტამდე საბორნე გადასასვლელით; ბათუმის პორტიდან საბორნე გადასასვლელით ბურგასისა და ვარნას (ბულგარეთი) პორტებში (პერსპექტივაში — ანაკლიის პორტიდან); რკინიგზით „ბაქო — თბილისი — ყარსი“ ან ავტოტრეილერებით სარფის სახმელეთო საზღვრის გავლით თურქეთში და იქიდან ხმელთაშუა ზღვის აკვატორიით ევროპაში.

   საქართველოს გავლით გადის არა მხოლოდ მოქმედი სატრანსპორტო მაგისტრალები, არამედ ყველა მაგისტრალური მილსადენი, რომლითაც აზერბაიჯანი ნავთობსა და გაზს აწვდის ევროპის ათობით ქვეყანას. მასზე გაივლის ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელიც (Black Sea Energy), რომელიც აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ევროპას განახლებად „მწვანე“ ელექტროენერგიას მიაწვდის. ამიტომ, ვინც აკონტროლებს საქართველოს — ის აკონტროლებს კასპიის ენერგომატარებლებისა და ჩინური ტვირთების მიწოდებას ევროპაში, ხოლო საპირისპირო მიმართულებით — ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში მიმავალ ევროპულ ტვირთებს.

მაგრამ, თუ ევროპასა და ამერიკას, რომლებსაც სსრკ-ის ლიკვიდაციის შემდეგ 2022 წლამდე საქართველოს ხელისუფლება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებად აცხადებდა, საქართველო მხოლოდ როგორც სატრანზიტო ტერიტორია აინტერესებთ, მაშინ რა ადგილი ერგება საქართველოს ახალი მსოფლიო წესრიგის გაფორმებისას და იქნება თუ არა ეს ადგილი ღირსეული?

   პროექტი, რომელიც გასულ ოთხშაბათს რუსეთში შემოგვთავაზეს, ამ პუბლიკაციის შემდეგ საქართველოში მორიგი რუსოფობიური კამპანიის მიზეზი გახდება, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ ააგორებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, რომელზეც სახელმწიფო გადატრიალება - მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამხობა დანიშნა. თუმცა, ოპოზიციას დიდად არ აწყობს გაპროტესტება, რადგან ამ პროექტის განხორციელება ისე ძალიან სურდა მის კერპს — მიშა სააკაშვილს მის პრეზიდენტობის პერიოდში, რომ ამის სანაცვლოდ რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებას საქართველოს ხმა მიაცემინა. საუბარია აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის გახსნაზე, რასაც სააკაშვილი სულაც არ თვლიდა „სეპარატისტული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებად“, როგორც ხვალ ოპოზიცია უეჭველად განაცხადებს. ამიტომ, პროექტს, რომელსაც არაერთი პუბლიკაცია მივუძღვენი („ტყუილი და სიმართლე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების "მონიტორინგის" შესახებ“, „საიდან იწყება სამშობლო?“ და სხვ.), ახალი შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ ნაწილობრივ — იმდენად, რამდენადაც ის შემოთავაზებულია შეცვლილ პოლიტიკურ პირობებში, როდესაც რუსეთი და ჩინეთი, პუტინის თქმით, „აფორმებენ ახალ მსოფლიო წესრიგს“. საქმის არსი, რომელიც შეიძლება გახდეს „სინათლე გვირაბის ბოლოს“, მდგომარეობს შემდეგში:

   რუსეთში გამოვიდნენ ინიციატივით, შეიქმნას „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გზა“ სომხეთამდე. ამის შესახებ 2026 წლის 20 მაისს კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ვლადისლავ გასუმიანოვმა განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები — 2026. ახალი რეალობა“.

„თუ არსებობს „ტრამპის გზა“ აზერბაიჯანიდან თურქეთში („ტრამპის სატრანზიტო მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ TRIPP, ზანგეზურის დერეფანი — იხ. ზემოთ), მაშინ რატომ არ შეიძლება არსებობდეს „პუტინის გზა“ რუსეთიდან, აფხაზეთისა და საქართველოს გავლით, სომხეთში?“ — განაცხადა ვლადისლავ გასუმიანოვმა.

   აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან აფხაზეთის გავლით სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლის გახსნას ოფიციალური ერევანი 15 წლის განმავლობაში - 2018 წლამდე, სანამ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გახდებოდა - მუდმივად და უშედეგოდ ითხოვდა, მაგრამ თბილისი შეუვალი იყო. დღეს კი ეს მარშრუტი უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვიდრე სომხეთისთვის და აი რატომ.

   უპირველეს ყოვლისა, არ არის საჭირო იმის ახსნა, რომ „პუტინის გზა“ არ არის „ტრამპის გზის“ კონკურენტი და ვერც იქნება, რადგან ის სხვა მარშრუტზე გადის - რუსეთს აკავშირებს სომხეთთან, და არა ჩინეთსა და „სარტყლისა და გზის“ სხვა ქვეყნებს — ევროპასთან. მაგრამ „პუტინის გზა“, პირველ რიგში, რუსეთს დააკავშირებს საქართველოსთან: ამიერკავკასიის რკინიგზის უკვე რეაბილიტირებული აფხაზური მონაკვეთის გავლით მოძრაობის აღდგენა გახდება ყველაზე მომგებიანი ექსკლუზიური პირდაპირი სარკინიგზო მარშრუტი რუსეთიდან საქართველოში და უკან, რაც უზარმაზარ ეკონომიკურ მოგებას მოუტანს ყველას, ვინც ამ ტვირთგადაზიდვებით ისარგებლებს. პირველ რიგში, ბიზნესმენების გარდა, მოიგებს ქართული სახელმწიფო, რომელიც რუსეთიდან მარცვლეულს შემოიტანს პირდაპირ, ქალაქ სოჭის ადლერის რაიონის იმერეთის დაბლობისა და ფსოუ-ენგურის ხიდების გავლით, და არა აზერბაიჯანის გავლით. რუსეთი ხომ საქართველოსთვის ხორბლის ერთადერთი მიმწოდებელია, ამიტომ ჩვენთან ყველა — პროდასავლური ხელისუფლებაც, რუსოფობიური ოპოზიციაც და ქართველი ხალხიც — რუსულ პურს ჭამს ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. და, რა თქმა უნდა, ქართული ექსპორტი რუსეთში და რუსული იმპორტი საქართველოში ასევე გაიაფდება — გაიაფდება რუსული პროდუქტები და საქონელი საქართველოს მაღაზიებსა და საბითუმო ბაზრებში, გაიაფდება რუსეთში ქართული ღვინო, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სამთომოპოვებითი მრეწველობის ნედლეული.

   შორს არ არის ის დღე, როდესაც სატვირთოს მოჰყვება სამგზავრო გადაზიდვები — რატომაც არა, თუ ხვალ, 26 მაისს, „ბაქო — თბილისი — ყარსის“ რკინიგზით სატვირთო გადაზიდვებს სამგზავრო მიჰყვება?! ასეთი ბუნებრივი გზით დაიწყება პროცესი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში „მკვდარი წერტილიდან“ ვერ დაძრეს ბუტაფორიულმა რეინტეგრაციისა და შერიგების სამინისტროებმა და დევნილობაში მყოფმა მთავრობებმა — სინეკურამ და ხვრელებმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სადაც ქართველი გადასახადის გადამხდელების ფული მიედინება!

მთავარი მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ ზუსტად ისევე, როგორც „ტრამპის გზის“ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამერიკა, რომელიც ამ ეტაპზე მილიონობით დოლარს აგზავნის - გზის მოსაწყობად, ხოლო შემდეგ გამოაგზავნის ამერიკულ კერძო სამხედრო კომპანიას - გზის დასაცავად, „პუტინის გზის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფას საკუთარ თავზე აიღებს რუსეთი. გასუმიანოვის ინიციატივის, „პუტინის გზის“, ფასეულობა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელიც ყოველთვის ხაზს უსვამდა — აქაოდა, ძვირფასო ქართველებო, რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე, თავად მოელაპარაკეთ აფხაზებს! — დღეს პირველად არის თანახმა აიღოს გარანტიები საკუთარ თავზე. და თუნდაც თავდაპირველად ეს იყოს მხოლოდ რკინიგზის უსაფრთხოების გარანტიები, იქიდან პირდაპირი გზა მიდის ლტოლვილთა ეტაპობრივი დაბრუნებისკენ, ხოლო საწყის ეტაპზე — აფხაზეთში მშობლიური საფლავებისა და ნათესავების მონახულებისკენ, რაც რუსეთის გარანტიების გარეშე განუხორციელებელია. პარალელურად და ეტაპობრივად ამოქმედდება რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის პროექტი.

   „პუტინის გზა“ გახდება პირველი ნაბიჯი ერთიანი საქართველოსკენ აღებულ გეზზე, ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის ძველი ურთიერთობების აღსადგენად. ეს ნიშნავს ევროკავშირის ვერაგული გეგმების სრულ კრახს საქართველოში „რევოლუციების“ ორგანიზებასთან დაკავშირებით ბრიუსელის მიერ დაქირავებული ოპოზიციის ძალებით. სიმბოლურია, რომ კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის, რომელიც 1992 წელს რკინიგზის დაცვის საბაბით დაიწყო, 34 წლის შემდეგ მისი ექსპლუატაციაში შესვლით დასრულდება.

   ხოლო ქართული ოპოზიცია ისეთივე გამოუსადეგარი გახდება, როგორიც მოღალატე სააკაშვილი, რომელიც დღეს არავის სჭირდება — არც ევროპას, არც აშშ-ს და არც უკრაინას, რომლის მოქალაქეც ის გახდა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმით. ჩემს წინა პუბლიკაციებში გაკეთებული პროგნოზი გამართლდა — კიევმა უდრტვინველად „გადაყლაპა“ თბილისის უარი უკრაინული მხარისთვის საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის ქართული მართლმსაჯულების მიერ მსჯავრდებული სააკაშვილის გადაცემაზე, და მშვიდობიანად განაგრძო უკრაინულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირება, დააფიქსირა რა თამასა საგარეო საქმეთა მინისტრების — სიბიგასა და ბოჭორიშვილის დონეზე.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

25 მაისი, 2026 წელი
საქართველო, თბილისი