პუბლიკაციები
საიტებში დაკარგული „კომპიუტერის თაობა“

metreveliუკანასკნელ პერიოდში განათლების სფეროში სკოლების კომპიუტერიზაცია ერთობ პოპულარული გახდა. პირველკლასელთათვის ავტოკალამი და რვეული უკვე ნეტბუქებმა შეცვალა. პრეზიდენტმა პირველკლასელებს წელსაც დაურიგა ნეტბუქები და იმასაც დაგვპირდა, რომ საქართველოში ამერიკაზე და ევროპაზე მაგარი სკოლები იქნებოდა!

რამდენად ეხმარება კომპიუტერი მოსწავლეებს განათლების მიღებაში და არის თუ არა კომპიუტერიზაცია განათლების სფეროში წინგადადგმული ნაბიჯი, საქინფორმი ფილოლოგიის დოქტორს, პროფესორ საბა მეტრეველს ესაუბრება.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 სექტემბერს პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ახალი სასწავლო წლის მოლოცვისას ასეთ ფრაზა წარმოთქვა: რატომ იყვნენ ჩვენი ბავშვები ვარდების რევოლუციამდე ჩამორჩენილები? იმიტომ, რომ მას არ ქონდა კომპიუტერი“... როგორ ფიქრობთ, ბატონო საბა, ვარდების რევოლუციამდე მართლა ჩამორჩენილი თაობა გვყავდა?

– ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ მასა ყველგან არის მდაბიო, უპრინციპო და უცოდინარი. როგორც ამბობენ, ასეთი რამ ნორმალური ქვეყნის ნორმალური მდგომარეობაა. პრეზიდენტის ის ფრაზა, რომელიც თქვენ გაიხსენეთ, კარგი ხუმრობა იყო და არა მგონია, პირდაპირი მნიშვნელობით გულისხმობდა იმას, რომ მართლა ჩამორჩენილი თაობის წარმომადგენლები ვართ. ბოლოს და ბოლოს, თავადაც ვარდებისრევოლუციამდელი განათლება აქვს მიღებული. პრეზიდენტის ნათქვამში კომპიუტერის მიმართ დამოკიდებულების პრობლემა უფრო  ჩანს, ვიდრე თაობათა შეურაცხყოფისა.

 

რაც შეეხება ჩემს თაობას, მე და პრეზიდენტი ერთ თაობას მივეკუთვნებით. უმრავლესობა ისეთივე ფლეგმა და გულგრილი იყო, როგორიც – თანამედროვე ახალგაზრდობა, არც გამორჩეული ინტერესი ჰქონია წიგნის მიმართ. განსხვავება ისაა, რომ დღევანდელი თაობა უფრო პრაგმატული, უფრო ინფორმირებულია, თუმცა – ზედაპირული და ნაკლებეროვნული. თუ XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეროვნულმა მოძრაობამ რელიგიისკენ შემოაბრუნა ერი და ეკლესიის წიაღში დაბრუნდა ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, სწორედ „ვარდების რევოლუციის“  შემდეგ თაობას ვეღარ ვხედავ ტაძარში და რელიგიური ნიჰილიზმი ახლა უფრო იგრძნობა, ვიდრე სხვა დროს.

ცნობილი გამონათქვამი მახსენდება კინოფილმიდან თოჯინები იცინიან“ – რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო! აშკარაა, პრეზიდენტმა სწორედ ამ ფრაზის ინტერპრეტაცია მოახდინა, მაგრამ ისევ და ისევ სათამაშოსთან ხომ არ გვაქვს საქმე? არცერთი სასკოლო ნეტბუი, რომლებსაც პრეზიდენტი ყოველწლიურად არიგებს, ინტერნეტში არაა ჩართული, მასში მხოლოდ სათამაშო და სასწავლო პროგრამებია ჩატვირთული... შეიძლება თუ არა, ნეტბუქებით სწავლება ჩაითვალოს განათლებაში წინგადადგმულ  ნაბიჯად?

– ჯერ ერთი, სასკოლო ნეტბუქები მხოლოდ პირველკლასელებს ურიგდება და ინტერნეტშიც რომ იყოს ჩართული, ამ ასაკის ბავშვი ვერაფერს მიიღებს ინტერნეტსივრციდან – მან ხომ ჯერ წერა-კითხვაც არ იცის?! სასწავლო პროცესი, ზოგადად, შემოქმედებითი უნდა იყოს და, შესაბამისად, სიახლესა და სიღრმეს უნდა ესწრაფვოდეს. ის, რომ ნეტბუქებში სასწავლო და სათამაშო პროგრამებია ჩატვირთული, ძალიან კარგია, რადგან სწავლება, მით უფრო ამ ასაკში, საინტერესო და სახალისოც უნდა იყოს, მაგრამ მე სხვა პრობლემას ვხედავ. ჯერ ერთი, რაიონებში თავად მასწავლებლები არიან გაუცხოებული ამ ტიპის სწავლებისაგან, თავად მათ აქვთ ადაპტაციის პრობლემა კომპიუტერთან და რამდენად ადეკვატურად შეძლებენ, ასწავლონ პატარებს, ბუნდოვანია. თანაც, სწავლება მხოლოდ სასკოლო დროს არ მოიცავს, ბავშვს შინ მშობელი ეხმარება მეცადინეობაში და ჩვენი შეჭირვებული, უსახსრო, საშოვარსგადაგებული მოსახლეობის დიდი ნაწილი ისეა გაუცხოებული კომპიუტერთან, როგორც მე – ნასას პროგრამებთან! ამიტომ რაღაც წინააღმდეგობრივს ვხედავ ამ ეტაპზე სწავლების ამგვარ მეთოდთან დაკავშირებით, თუმცა საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია კომპიუტერული განათლება და, თუ ეს პროცესი ამ ზოგადკულტურულ მოვლენას ხელს შეუწყობს და, ვთქვათ, საქართველოს სოფლებში – შიბლიანში, ტყაჩირსა თუ უკანეთში, ეცოდინებათ კომპიუტერი, არ იქნება ურიგო საქმე. ხოლო არის თუ არა ეს სწავლებაში წინგადადგმული სერიოზული ნაბიჯი, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ყველაზე საშიში მოვლენა თანამედროვე ქართულ სკოლაში არის ინგლისურენოვანი ისტერია. მე ფსიქოლოგების უფრო მჯერა და, როგორც ისინი ამბობენ, კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვმა რომელიმე უცხო ენის შესწავლა დაიწყოს მშობლიურთან ერთად. ეს არის თავსმოხვეული ძალადობა, უცხოენოვანი ექსპანსია. პატარამ წერა და აზროვნება მშობლიურ ენაზე უნდა დაიწყოს, ამ გზაზე არ შეიძლება რაიმე შემაფერხებელი გაჩნდეს. ჩვენ კი მათ ინგლისურს პირში ვჩრით. რა ახირებაა, არ მესმის! რატომ ვჩქარობთ, განა დაგვავიწყდა რუსულ ენაზე მოაზროვნე ქართველი ბავშვები, მშობლების კაპრიზებს რომ ეწირებოდნენ კომუნისტური რეჟიმის პირობებში?! როგორ შეიძლება ვინმე წინააღმდეგი იყოს ენების შესწავლისა, მაგრამ ამას თავისი დრო აქვს და ჩემი თუ არ გჯერათ, დარგის სპეციალისტებს მაინც დაუჯერეთ!

განათლების მეთოდიკა მოითხოვს, ვიცოდეთ, რას ვასწავლით, რატომ ვასწავლით და როგორ ვასწავლით! ჩვენი შემდგომი ცხოვრების ბედი არის მასწავლებლის ხელში, რადგან ის აყალიბებს მომავალს. თავად მასწავლებელი ვინ უნდა აღზარდოს ან სად უნდა ჩამოყალიბდეს, როცა ქვეყანაში პედაგოგიური პროფილის უმაღლესი სასწავლებელი აღარ არის, ან, ფაქტობრივად, დაუფინანსებელმა მეცნიერებამ როგორ უნდა იტვირთოს შესაბამისი მეთოდური და სამეცნიერო ლიტერატურის შექმნა?! ასე რომ, განათლების საკითხი კომპლექსურად განიხილება და უამრავ წინააღმდეგობას შეიცავს. მთავარია, გვესმოდეს, ჩვენ რა გვინდა და რამდენად ვხედავთ და ვიაზრებთ პერსპექტივაში ამ პროცესს.

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აკეთებენ სიუჟეტებს ქუჩის გამოკითხვებს, ქართველი ახალგაზრდობის ინტელექტის შესამოწმებლად, შედეგბი კი უფრო და უფრო მწვავეა. ბოლო დროს გახმაურებულ მსგავს სიუჟეტში თბილისი კობა ხაბაზის დარსებული ყოფილა და დედაენაც თურმე ილია ჭავჭავაძეს დაუწერია... ამის შემდეგ უნდა ჩავთვალოთ, რომ უფრო განვითარებული თაობა გვყავს, ვიდრე 20-30 წლის წინათ?

– განვითარება უთუოდ შეიმჩნევა, ოღონდ გააჩნია – რომელი კუთხით. მაგალითად, ის, რაც ჩემს ბავშვობაში სირცხვილად ითვლებოდა, ახლა ნორმადაა გამოცხადებული. ზნეობრივი დეგრადაციის გარდა, ეროვნული სულისკვეთება გაქრა და ეს მაშფოთებს ყველაზე მეტად. დააკვირდით, პატრიოტული ხასიათის აღარც ლექსი იწერება და არც – სიმღერა. უფრო მეტიც, ეს თემა ნიჰილისტური დამოკიდებულების მსხვერპლია დღევანდელ საზოგადოებაში. ახალი თაობის განვითარების კოეფიციენტი ისეთივე საშუალოა, როგორც – ადრე. მართალია, ჯინსების თაობა შეცვალა კომპიუტერების თაობამ, მაგრამ კომპიუტერული ცოდნა უფრო ინფორმაციული ხასიათისაა და სიღრმეების წვდომისკენ არ არის ორიენტირებული; ის თვალს უფრო ახარებს, ვიდრე – გონებას. სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ უკიდურესობების ერი ვართ და ზომიერება გვაკლია ყველაფერში, ამიტომ ასე აკვიატებული კომპიუტერიზაცია კარგს არაფერს მოგვიტანს და საიტებში დაკარგულ მომავალს მივიღებთ, თუ უფრო წინ არ გავიხედეთ!

თქვენი აზრით, სკოლა უნდა აძლევდეს თუ არა მოსწავლეს ზოგად, ფუნდამენტურ განათლებას და არის თუ არა დღევანდელი სკოლები ამის გარანტი; რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდობას სამარცხვინოდ აღარ აერიოს ერთმანეთში ვახტანგ გორგასალი და კობა ხაბაზი, ან ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი?

– სიტყვა „განათლების“ ძირი არის „ნათელი“. მე მივიღე განათლება, ანუ ჩემში შემოვიდა ნათელი. „მე მოვინათლე“... აქაც ნათელია ძირი, ნათელი სოფლისა კი არის ქრისტე, ქრისტე სიკეთე და სიყვარულია. მაშასადამე, განათლების მიღება, უპირატესად, სიკეთისა და სიყვარულის დამკვიდრებას ნიშნავს ადამიანში, მისი პიროვნული სამყაროს გაკეთილშობილებას და, ამავე დროს, ცოდნის სისავსეს. ჩვენ ამ ორი კომპონენტიდან ჯერჯერობით ვერცერთს ვერ ვაკმაყოფილებთ. თანამედროვე სამყაროში პიროვნების დიდი კრიზისია, რომელიც გამოიხატება სიკეთისა და სიყვარულის დეფიციტში.

რაც შეეხება ცოდნას, თავად აღნიშნეთ, რა კურიოზულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე.

რა ვქნათ, რით დავიწყოთ და როგორ ვებრძოლოთ ტოტალურ არაკომპეტენტურობას?! ნათქვამია – წყალი სათავიდან იმღვრევაო. ამიტომ ჩვენც იმ საწყისიდან უნდა დავიწყოთ, ზოგადკულტუროლოგიური განათლება რომ ჰქვია. ამ ქვეყანაში ყველაფერზეა საუბარი, წიგნიერების გარდა. „კარგად გავერთეთ, კარგი დრო ვატარეთ“ – მეტს ვერაფერს გაიგონებთ ეკრანიდან თუ რადიოდან. გართობასა და დროსტარებას გადაყოლილი ერისაგან უკეთეს შედეგებს რატომ ელით?! როცა საზოგადოებრივი მოთხოვნა იქნება მწვავე და შეუვალი, როცა მხოლოდ პატიოსანი, ერუდირებული და კომპეტენტური ადამიანების დრო დადგება, როცა დაფასდება ღირსება და სამართლიანობა, მაშინ, მხოლოდ მაშინ გვეშველება და პრიორიტეტებიც აღარ აგვერევა ერთმანეთში. ახლა უმეცრების დროა. გალაკტიონის თქმისა არ იყოს, „ყოველდღე მოდის ახალი ტალღა, სუსტი, მყვირალა და დღევანდელი!“

 

ესაუბრა თეო ტაბატაძე

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“