ის, რასაც დღეს ქართულ პოლიტიკაში ვხედავთ, არის ერთდროული თამაშის სეანსი, რომელსაც დიდოსტატი მრავალ მოთამაშესთან ატარებს.
დაპატიმრებებითა და შეწყალებებით ოპოზიცია „ჭანჭიკებად“ დაშალეს და ეს „ჭანჭიკები“ ერთმანეთს დაუპირისპირეს. გულუბრყვილოები კი დრტვინავდნენ — „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებსო. იმისათვის, რომ ვინმე შეიწყალო, ჯერ უნდა დასაჯო! ასე ოპოზიციას დააკარგინეს ერთადერთი რამ, რითაც შეეძლო ხელისუფლებას დაპირისპირებოდა — ერთიანობა.
მიამიტები აღშფოთებას გამოთქვამდნენ — პატიმარი სააკაშვილი პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებაო, მას ციხიდან პოლიტიკური საქმიანობისთვის პირობები შეუქმნეს, არ უშლიან ხელს საბრალდებო სკამიდან ვრცელ პოლიტიკურ გამოსვლებს, ნებას რთავენ სოციალურ ქსელებში პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს, უხელმძღვანელოს საკუთარ პარტიას და მოახდინოს მისი რეფორმირება. მათ არ ესმით, რომ ამგვარი ტაქტიკის წყალობით „ნაცმოძრაობამ“ დაკარგა ერთადერთი რამ, რითაც დანარჩენი ოპოზიციისგან განსხვავდებოდა — ელექტორატი. ამომრჩევლები ადევნებდნენ თვალს სააკაშვილის არაადეკვატურ, ლიდერისთვის შეუფერებელ ქმედებებს და იმედი გაუცრუვდათ მასში, ზუსტად ისევე, როგორც თანაპარტიელებს. „ნუთუ, — ფიქრობდნენ ისინი, — ეს გაუწონასწორებელი სულელი ჩვენი ბელადია, რომლისთვისაც ბრძოლა და გარისკვა ღირს?!“
ბრიყვებს ვერ გაუგიათ, რატომ ცდილობს მთავრობა მთელი ძალისხმევით აშშ-სთან წინა ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული ურთიერთობების გადატვირთვას, მაშინ როცა პროსამთავრობო ტელეკომპანია ეთერში კითხულობს ვიღაც „ფილოსოფოსის“ Facebook-პოსტებს, რომელიც მუდმივად ლანძღავს ტრამპს და მას „deep state-ის მსახურს, რომელიც არაფრით განსხვავდება ბაიდენისგან“ უწოდებს.
გულმართლებისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ევროკავშირის მხილება დემოკრატიასთან შეუთავსებელ ცოდვებში და ამავდროულად იმის განცხადება, რომ საქართველოს კურსი ევროკავშირის წევრობისკენ უცვლელია. განა ევროპული სტანდარტები, რომლებსაც გუშინ ევროპულ ღირებულებებს უწოდებდნენ, შეიცვალაო?! განა ისინი ყოველთვის არ იყვნენ „ცისფერები“, ქართულ მენტალობასთან შეუსაბამონი?!
უმანკოები ვერ ხვდებიან, როგორ არ თქვა უარი ხელისუფლებამ ნატოზე, არ გააუქმა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, მონაწილეობს ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისიის მუშაობაში და ატარებს საქართველოში ნატოს საერთაშორისო წვრთნებს — და ამავე დროს, საქართველოში რეგისტრირებულია პარტია, რომლის პროგრამის პირველი და ერთადერთი პუნქტი ნეიტრალიტეტია და ამ პარტიას რეკლამას უკეთებს პროსამთავრობო ტელეკომპანია — ისევე როგორც იმ ფილოსოფოსს, რომელიც ლანძღავს ტრამპს, რითაც კონგრესმენ უილსონს ხელისუფლების გაკრიტიკების საბაბს აძლევს.
მიმნდობი ობივატელისთვის, რომელიც 24/7 ჭორაობს პოლიტიკაზე და სოციალურ ქსელებში თავის „მიგნებებს“ აქვეყნებს, გაუგებარია, რომ დიდოსტატი არ დაუშვებს პატურ მდგომარეობაში აღმოჩენას — მას მარაგში ყოველთვის აქვს სვლა, ან თუნდაც რამდენიმე. გამოუვალობა პოლიტიკურ თამაშში — წაგებაა ქვეყნისთვის და პარტიისთვის, რომელსაც დიდოსტატი მიუძღვის. როგორ დასრულდება უკრაინისა და რუსეთის ომი? როგორ დასრულდება აშშ-ის ომი ირანთან? რას უნდა ველოდოთ აშშ-ის ახალი პრეზიდენტისგან, რომელსაც 2 წლის შემდეგ აირჩევენ? რითი დასრულდება 2 წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში? ვისთვისაა ცნობილი პასუხები ამ კითხვებზე, რომლებზეცაა დამოკიდებული, სად და რომელი ფიგურით წავა დიდოსტატი? ამიტომ დიდოსტატს წინასწარ აქვს მომზადებული სვლები ყველა შემთხვევისთვის - დასავლეთისკენ და აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ.
დიდოსტატი ყოველთვის იგებს ერთდროული თამაშის სეანსს, მაგრამ ცალკე აღებული პარტიის ბედის განჭვრეტა რთულია, როდესაც მის წინააღმდეგ სხვა გროსმაისტერი თამაშობს. მაშინ პირველმა დიდოსტატმა პარტია მის დაწყებამდე უნდა მოიგოს. მაგალითად, დათანხმდეს რამდენიმე ევროპულ ულტიმატუმს — გამოაცხადოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და გაუშვას სააკაშვილი. არჩევნებს „ქართული ოცნება“, როდესაც ოპოზიცია დაქსაქსულია (იხ. დასაწყისში), უპრობლემოდ მოიგებს და დასავლეთს ერთი თემით — „2024 წლის არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლება არალეგიტიმურია!“ — ნაკლები ექნება. ხოლო უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი კი არ იქნება შეწყალებული, როგორც ტროტუარის აქტივისტები (იხ. დასაწყისში), არამედ უკრაინაში ექსტრადირებული იქნება ახალი კანონით, რომელსაც სპეციალურად მისთვის დაწერენ: „თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქემ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა 5 ან მეტი წელი, მას სასჯელის მოხდა უნდა განაგრძოს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის“.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.
2026 წლის 14 ივნისი
საქართველო, თბილისი