პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: უპატიოსნო ადამიანები

   „ქვეყანა ვერასოდეს იქნება დიადი, თუ ის უპატიოსნოა!“ — 8 ივნისს ამ დიადი სიტყვებით პრეზიდენტმა ტრამპმა შეწყვიტა NBC-სთვის ინტერვიუ, რომელშიც რამდენიმე უმსხვილეს წამყვან ამერიკულ მედიაკორპორაციას „ყალბი, ბინძური პრესა“ უწოდა.

„ძვირფასო დონალდ, მთელი გულით გილოცავ შენ, ასეთ გამორჩეულ, არაორდინალურ ადამიანსა და პოლიტიკოსს, 80 წლის იუბილეს!“ — შემთხვევითი როდია, რომ 14 ივნისს სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი და იყო პირველი ოფიციალურ პირთა შორის, ვინც ტრამპს იუბილე მიულოცა.

ტრამპის სიტყვებს ჩემგან მინდა დავამატო, რომ ქვეყანა უპატიოსნოა, როდესაც მას უპატიოსნო ადამიანები მართავენ და როდესაც მისი მედია ანგაჟირებული და აგრესიულია.

თბილისში ბევრი უპატიოსნო ადამიანია, რომლებიც პრეზიდენტობის პირველივე დღიდან დონალდ ტრამპს გიჟს, ჯამბაზს და გარყვნილს — ჯეფრი ეპშტეინის მეგობარს უწოდებენ. გასაკვირია, რომ იგივე ადამიანები ბიძინა ივანიშვილს არაადეკვატურ თვითნებად, რუს ოლიგარქად და პრორუს დიქტატორად მოიხსენიებენ.

უპატიოსნო ადამიანების ცალსახად კლასიფიცირება მათი მიკუთვნება რაიმე კატეგორიისთვის რომელიმე კრიტერიუმით შეუძლებელია — ტრამპისა და ივანიშვილის დაცინვის გარდა მათ არაფერი აერთიანებთ. ესენი არიან: რუსოფობები — რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები; „ქართული ბიზნესის“ წარმომადგენლები, რომლებიც სპეკულირებენ მედიკამენტებით, სურსათითა და ბენზინით; ახალი „ქართული ინტელიგენცია“, რომლებიც საკუთარი განსაკუთრებულობით მოამაყე წარმომადგენლები არიან; ე.წ. „პრორუსებიც“ კი — ჭრელი ბატონ-ამხანაგები, რომლებიც საჯაროდ და კულუარებში პოზიციონირებენ საკუთარ თავს როგორც „მოსკოვის ნდობით აღჭურვილი პირები“.

უპატიოსნო ადამიანები, სანამ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი მეორედ გახდებოდა, 4 წლის განმავლობაში ცდილობდნენ მის გასამართლებას „კრემლთან საიდუმლო კავშირებისა და პუტინთან მეგობრობისთვის“, რომელმაც თითქოსდა დაეხმარა მას წინასაარჩევნო კამპანიაში, ასევე კორუფციისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე ბრალდება ბლეფი აღმოჩნდა. ზუსტად ასევე, ქართულ პოლიტიკაში მყოფმა უპატიოსნო ადამიანებმა დღემდე ვერ მოიყვანეს ვერც ერთი ფაქტი, რომელიც დაამტკიცებდა ივანიშვილის კონტაქტებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან და მის უკანონო ბიზნეს-ინტერესებს საქართველოში. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია საქართველოსა და ქართველებისგან რასით/ცივილიზაციით შორს მდგომი უპატიოსნო ადამიანებისთვის — რასა იუკნევიჩიენესა და ჯო უილსონისთვის, მარკეტა გრეგოროვასა და ჟიგიმანტას პავილიონისისთვის, ანდრიუს კუბილიუსისა და ანა ფოტიგასთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ანტონიუ კოშტასთვის, რობერტა მეცოლასა და კაია კალასისთვის, მართა კოსისთვის, პაველ ჰერჩინსკისა და პეტერ ფიშერისთვის — სანქციებით დაესაჯათ საქართველოს მოქალაქეები.

ევროქართველებო, რომლებიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვით! თქვენ წინაშეა შერჩევითი სამართლის, ორმაგი სტანდარტებისა და ევროპული დემოკრატიის ტიპური ნიმუში, მიირთვით, შეგერგოთ! და კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ საქართველოს ცილისმწამებელთა ზემოთ მოყვანილი სახელები: ნუთუ მათ რაიმე საერთო აქვთ რუსთაველის და თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, ვახტანგ გორგასლის, ერეკლე მეორისა და ილია ჭავჭავაძის შთამომავლებთან?! მაგრამ მათ ხმა აიმაღლეს იმიტომ, რომ ქართული წარმოშობის უპატიოსნო ადამიანებმა მისცეს მათ ამის საფუძველი — იჩივლეს საქართველოს ხელისუფლებაზე და სთხოვეს მათ დახმარება მის შესაცვლელად!

დასავლეთმა მსოფლიოს აჩუქა ფაშიზმი, ინკვიზიცია, რასიზმი, გილიოტინა, იუვენალური იუსტიცია, ევთანაზია და ლგბტქი+ გენდერები, ხოლო საქართველომ — ღვინო, ხორბალი, თაფლი, ყველი და მრავალხმიანობა: ნუთუ დღესაც გაუგებარია, სად არის ფეიკი და სად არა?! საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი დაგვიანებით დარწმუნდნენ, რომ ასეთ ევროპაში საქართველოს ადგილი არ არის, ხოლო გახდება თუ არა ევროპა ოდესმე სხვანაირი, არავინ იცის.

საქართველო უპატიოსნო იყო, როდესაც მას უპატიოსნო ადამიანები მართავდნენ სულელი სააკაშვილის მეთაურობით, რომელმაც დღეს თმა იმ კაზაკებივით დაიკრიჭა, რომლებსაც არაერთხელ დაულევიათ ქართული სისხლი! სექსუალური მანიაკი და საქორწინო აფერისტი, რომელმაც ათობით სამოქალაქო ცოლი გამოიცვალა, ციხეში საკუთარი ლიბიდოს დაკმაყოფილების შეუძლებლობის გამო, დღეს ძველი ვნებით აენთო გამოცდილი მეგობრის მიმართ და თავისი მომაკვდავი პარტია აჩუქა მას, მაგრამ როგორც კი და თუ მიშას უკრაინაში ექსტრადირებას მოახდენენ, სექსუალური ფანტაზიების ამჟამინდელი ობიექტი მისთვის яувьуе ტვირთად იქცევა.

საქართველო, როგორც „პატიოსანი და დიადი“ (ტრამპის მიხედვით), ანუ შემდგარი და აყვავებული სახელმწიფო, უპატიოსნო ადამიანებს საზღვარგარეთ არანაირად არ აწყობთ. აზერბაიჯანთან მსგავსი ტონით საუბარი მათ აზრად არ მოუვათ, თანაც ბაქო ევროკავშირში შესვლას არ ითხოვს. როგორც კი საქართველო უარს იტყვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე — ამოიღებს კონსტიტუციიდან 78-ე მუხლს საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველყოფის შესახებ, ზემოთ ჩამოთვლილი საქართველოს ცილისმწამებლები დაკარგავენ იურიდიულ საფუძველს მის მიმართ პრეტენზიების წამოსაყენებლად და უპატიოსნო ადამიანების მხრიდან კრიტიკა შეწყდება.

საქართველოს, რომელმაც უკვე აჩვენა ევროპას ქართული ხასიათი, აქვს შანსი გახდეს „პატიოსანი და დიადი“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. თუნდაც „ქართული ოცნება“ შორს იყოს იდეალურისგან, თუნდაც ხშირად ეცემოდეს, დგებოდეს და წინ მიდიოდეს, მაგრამ ამჟამინდელი ხელისუფლების გარეშე საქართველო უკან, წარსულში, სამოქალაქო „თბილისის ომების“ ეპოქაში იქნებოდა გადაგდებული.

   „საქართველო არავისთან არ იომებს! ყველა პრობლემის, მათ შორის ტერიტორიულის, მხოლოდ მშვიდობიანი მოგვარება“ — პატიოსნად გააფრთხილა ივანიშვილმა თავიდანვე. ივანიშვილი მილიარდერია, მისი მოსყიდვა გრანტებით შეუძლებელია, ის არ არის კორუმპირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ გარედან უმართავია და მიუღებელია უპატიოსნო ადამიანებისთვის საქართველოში და საზღვარგარეთ. დიახ, მას აქვს ხასიათი, ის არ პატიობს ჩაგვრას და დაუმსახურებელ შეურაცხყოფას. მას მილიარდები ჩამოართვეს, სანქციები დაუწესეს, მაგრამ საქართველოს გაყიდვა ვერ აიძულეს.

   „საქართველოში კორუფციის საბოლოოდ განადგურება არ გამოვა, ვეცდებით მის დაბალ დონეზე შეკავებას“, — განაცხადა ივანიშვილმა 2011 წელს გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე. აღვნიშნავ, რომ კორუფციის საბოლოოდ დამარცხება ვერსად მოხერხდა — ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ვიეტნამსა და ტაილანდშიც კი, სადაც მექრთამეობის, სახელმწიფო სახსრების მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული. ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდებიან ნებისმიერი დონის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და დასძლევენ ცდუნებას აიღონ ქრთამი ან ჩაიდინონ სხვა დარღვევა თავის სასარგებლოდ, მსოფლიოში ძალიან ცოტაა, სწორედ მათ უწოდებენ ნამდვილ სახელმწიფო მოხელეებს. დანარჩენებს ან ეშინიათ ფულის აღების, რადგან ეს შეიძლება „გასკდეს“, ან უბრალოდ კორუმპირებულები არიან — სამწუხაროდ, ვერაფერს იზამ, ასეთია ადამიანის ბუნება.

ამიტომ ხელისუფლების შეფასების უნივერსალური კრიტერიუმია არა სახელმწიფოში კორუფციის არსებობა, არამედ მასთან ბრძოლა. დღეს უპატიოსნო ადამიანებსაც კი არ მოუბრუნდებათ ენა თქვან, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ებრძვის კორუფციას. „გემის კაპიტანმა“ ბიძინა ივანიშვილმა ახალ მთავრობას სრული ნდობა გამოუცხადა: „მომხრე ვარ, იმოქმედეთ, ოღონდ მხოლოდ კანონის ფარგლებში!“.

არავინ დაობს - კორუფციასთან ბრძოლამ დაიგვიანა და საპარლამენტო უმრავლესობაში, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობაში და მთავრობაშიც კი დღემდე ბინადრობს სააკაშვილის ხელისუფლების მრავალი ყოფილი წარმომადგენელი, რომელთა ჭეშმარიტ გზაზე დაყენება შეუძლებელია. ამ კვირაში ძებნილად გამოცხადებული საქართველოს მთავარი მერკინიგზე — ერთ-ერთი მათგანია. სააკაშვილი, პრეზიდენტი რომ გახდა, უფრო მარტივად მოიქცა — რათა გამოძიებებზე დრო არ დაეკარგა, მეორე დღესვე დაიწყო დაპატიმრებები შევარდნაძის ხელისუფლების მთავარი მერკინიგზიდან. მაგრამ ნუთუ დღეს საქართველოში ვინმეს სურს სახელმწიფო რეკეტის ეპოქის რეინკარნაცია — სასამართლოსა და გამოძიების გარეშე დაპატიმრებები, რაც სააკაშვილმა ნორმად აქცია?!

საქართველოში კორუფციას ადრეც ებრძოდნენ: 1972 წლის 22 თებერვალს გამოვიდა სკკპ ცკ-ის დადგენილება „საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ორგანიზაციული და პოლიტიკური მუშაობის შესახებ“, რომელშიც უმკაცრესად გააკრიტიკეს დედაქალაქის იმდროინდელი პარტიული ხელმძღვანელობა, რაც საფუძვლად დაედო სახელმწიფო და პოლიტიკური აპარატის მასშტაბურ წმენდას და ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლას (რომელიც მალევე სათავეში ჩაუდგა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს). დადგენილება მოითხოვდა მექრთამეობის, ნაციონალიზმის, ნეპოტიზმისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის აღმოფხვრას.

მაშინ 10 წლის ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ საუბრობდა იმ დღეებში ყველა ხმადაბლა, ქუჩაშიც კი, ხალხს უჭირდა დაჯერებაადა, რომ მათი ნაცნობები, მეზობლები, ნათესავები და მეგობრები სახელმწიფო დამნაშავეები აღმოჩნდნენ... 1972 წლის დადგენილება თბილისის საქალაქო კომიტეტის შესახებ არანაკლები შოკი იყო ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე სააკაშვილის „ვარდების რევოლუცია“ 2003 წლის ნოემბერში. 31 წლის შემდეგ ყველაფერი განმეორდა — საქართველოში ძირეული ცვლილებების საბაბი კვლავ კორუფციასთან ბრძოლა გახდა, ოღონდ ამჯერად — უკვე შევარდნაძის „კორუმპირებული კლანის“ წინააღმდეგ.

კორუფციონერი — ეს მხოლოდ სახელმწიფო თანამდებობაზე ბანალური ქურდი როდია, რომელიც ხელს ყოფს სახელმწიფოს ჯიბეში და ბოროტად იყენებს სამსახურებრივ მდგომარეობას, რათა აიღოს ქრთამი, სხვებს ჩაუჯდეს „წილში“ და „დააკრიშოს“ თავისი ბიზნესი. როდესაც მექრთამე ფულს იღებს უცხო სახელმწიფოსგან — სიხარბით, ან შანტაჟის, მისი ძველი კორუფციული ქმედებების ლუსტრაციის შიშით, ის ხდება სამშობლოს მოღალატე, რადგან ასრულებს დავალებას უცხო სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელმძღვანელობა ვერ აიძულეს ჩაბმულიყო რუსეთის წინააღმდეგ ომში და მისთვის სანქციები დაეწესებინა; ვერ აიძულეს საქართველოს გადაყვანა ევროპული სტანდარტების „ცისფერ ლიანდაგებზე“, ამიტომ დაიწყეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შიგნიდან - კორუფციით ნგრევა. „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს მიღებული ყველა კანონი სწორედ ამ მიზანს ემსახურება — აღკვეთოს საქართველოს მოქალაქეების მოსყიდვის მცდელობები, უცხოური ორგანიზაციების მიერ დასახული დესტრუქციული ამოცანების შესასრულებლად კანონიერად არჩეული ხელისუფლების შესაცვლელად.

თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს კორუფციასთან ბრძოლას და არ შეჩერდება „ხელშეუხებლების“ პასუხისგებაში მიცემის წინაშე, მაშინ საქართველო გახდება დიადი, რადგან იქნება ბოლომდე პატიოსანი. ამიტომ, პატივცემულო თანამოქალაქენო, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთ მშვენიერ დილას ტელევიზორს ჩართავთ და მოისმენთ დადგენილებას „ქართული ოცნების“ შესახებ.

   არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.

2026 წლის 19 ივნისი
საქართველო, თბილისი