საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. „შეისწავლება გაეროსა და ნატოს მიერ ჩატარებულ სხვადასხვა ოპერაციებში აზერბაიჯანის არმიის მონაწილეობის შესაძლებლობები“, - ნათქვამია თავდაცვის მინისტრის, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვის წინასიტყვაობაში „აზერბაიჯანის არმიის სამშვიდობო ოპერაციების შესახებ ანგარიშში“, რომელიც ერთობლივად მოამზადეს საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრმა და თავდაცვის სამინისტრომ, იუწყება Trend-ის კორესპონდენტი.
„ამჟამად, საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნების ხელშეწყობის მიზნით, შეისწავლება გაეროსა და ნატოს მიერ ჩატარებულ სხვადასხვა ოპერაციებში აზერბაიჯანის არმიის მონაწილეობის შესაძლებლობები“, — აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, 1999 წლიდან დღემდე აზერბაიჯანის არმიის 3 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებულ სამშვიდობო ოპერაციებში.
ზ. ჰასანოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამშვიდობო ძალები 1997 წელს შეიქმნა საერთო-ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის დავალებით. „ეს ისტორიული გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის ერთგულების ნათელი მაგალითი მშვიდობის, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი“, — განაცხადა მან.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებისა, ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციისა და დაახლოებით მილიონი ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის არსებობისა, აზერბაიჯანმა შეძლო სამშვიდობო ძალების შექმნა და წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკამ, მიუხედავად ყველა სირთულისა, გამოავლინა რა თავისი ნება და მტკიცე გადაწყვეტილება, წარმატებას მიაღწია საკუთარი სამშვიდობო ძალების შექმნაში საერთაშორისო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის სურვილის განსახორციელებლად. აზერბაიჯანის პირველი სამშვიდობო მისია განხორციელდა კოსოვოში, მოგვიანებით სამხედრო მოსამსახურეები წარმატებით მსახურობდნენ საერთაშორისო მისიებში ავღანეთსა და ერაყში. იმ ოპერაციებში, რომლებშიც ჩვენი სამშვიდობო ძალები მონაწილეობდნენ, ისინი ასრულებდნენ ისეთ მნიშვნელოვან ამოცანებს, როგორიცაა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვა, ჰუმანიტარული დახმარების კოლონების ესკორტირება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შეიარაღებული ჯგუფების განიარაღება, დაჭრილების ევაკუაცია და სხვა“, — აღნიშნა მან.
ზ. ჰასანოვმა დასძინა, რომ ამჟამად აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები აგრძელებენ წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოებაში, როგორც სამხედრო დამკვირვებლები სამხრეთ სუდანის რესპუბლიკაში გაეროს მისიაში. „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიღებულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა, ჩვენი ქვეყნის მიერ გამოვლენილმა ნებამ და ჩვენი სამშვიდობო ძალების წვლილმა კიდევ უფრო განამტკიცა აზერბაიჯანის ავტორიტეტი მსოფლიოში, როგორც სანდო პარტნიორისა და მეგობრისა, აგრეთვე წარმოაჩინა იგი, როგორც მშვიდობისმოყვარე ქვეყანა“, — ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
ზ. ჰასანოვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ილჰამ ალიევის განსაკუთრებული ყურადღების შედეგად, სამშვიდობო ძალები აღიჭურვება თანამედროვე იარაღითა და ტექნიკით, ხოლო პირადი შემადგენლობის სპეციალური მომზადების პროგრამები მუდმივად იხვეწება.