რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სპეცოპერაცია დიდი ხნის წინ დასრულდა

   ის, ვინც არ აღიარებს ანალიტიკას და მას კონფიდენციალურ ინფორმაციას ამჯობინებს, საეჭვოა, რომ შეძლოს ქვემოთ თქმულის მნიშვნელობის გაგება. კომპეტენტური ანალიზი ფასეულია იმით, რომ ეხმარება არა მხოლოდ პროგნოზირებაში, არამედ მომავლის მოდელირებაშიც — ანუ გავლენას ახდენს მომავალი მოვლენების სასურველი მიმართულებით ფორმირებაზე. იმის მაგალითი, რომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა, წინასწარ რომ არ ყოფილიყო გაჟღერებული ანალიტიკური პროგნოზი, ცოტა როდია. ეს სპეცსამსახურების ანალიტიკური ქვედანაყოფებისა და „ღრმა სახელმწიფოს“ (Deep state) აპრობირებული მეთოდია. მედიის საშუალებით ანალიტიკური ინფორმაციის გავრცელებას, მინიმუმ, მოვლენების არასასურველი მიმართულებით განვითარების თავიდან აცილება შეუძლია. ამგვარად, ანალიზს პრევენციული როლის შესრულებაც შეუძლია, თუმცა, ანალიტიკის დანიშნულების ვერგამგები თვითკმაყოფილი გულუბრყვილოები ამ შემთხვევაში იფიქრებენ, რომ გამოქვეყნებული პროგნოზები არ გამართლდა და ცარიელი ფანტაზია იყო. მათთან კამათი არ ღირს — ბევრ ადამიანს აღიზიანებს ის, რაც არ ესმის, მაგრამ ვერ ამჩნევენ, როგორ მართავენ მათ…

   დიდი სამამულო ომი გრძელდებოდა 3 წელი და 10 თვე, მტრის სრულ განადგურებამდე. რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში 4 წელი და 4 თვეა გრძელდება და გაცხადებული მიზნების მიღწევას საკმაო დრო დასჭირდება.

   სსრკ-მ დიდ სამამულო ომში 12 მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, რუსეთმა სპეცოპერაციაში რუსული მონაცემებით 230 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა, ხოლო უკრაინული წყაროების მიხედვით — 1,5 მილიონი.

   სსრკ რუსეთის ფედერაციაზე დიდი იყო, ამასთან, ომის დასრულებამდე 10 თვით ადრე ანტიჰიტლერული კოალიციის მოკავშირეებმა მეორე ფრონტი გახსნეს. რუსეთის ფედერაცია მოკავშირეების გარეშე იბრძვის, მას ირიბად უპირისპირდებიან გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, ფინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას შეიარაღებითა და ფულით ამარაგებენ. რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი არავის გაუხსნია, პირველ რიგში — საქართველოს, რომელზეც კიევი და ბრიუსელი დიდ იმედებს ამყარებდნენ, რადგან პოსტულატი „რუსეთი ქართული ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტია“ საქართველოში არავის მიერ არ საჩივრდება.

   ვის მოუბრუნდება ენა ზემოთ მოყვანილი ფაქტების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს „სპეცოპერაცია“ უწოდოს?! ეს ომი ისტორიაში შეიძლება სპეცოპერაციად შესულიყო, ისევე სწრაფად რომ დასრულებულიყო, როგორც 5-დღიანი სპეცოპერაცია „საქართველოს მშვიდობისკენ იძულების“ მიზნით — ანუ 2022 წლის 24 თებერვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც რუსული ჯარები კიევის შემოგარენს მიუახლოვდნენ. მაგრამ კიევზე შტურმის ნაცვლად მათ უკან დახევის ბრძანება მიიღეს — ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსული ჯარები თბილისის შემოგარენთან მივიდნენ.

   ან რა კრიტერიუმებით შეიძლება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს დაერქვას „სპეცოპერაცია“ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების 7-თვიანი სპეცოპერაციის შემდეგ? მით უმეტეს არასწორია ამ ომის სპეცოპერაციად მიჩნევა დღეს, რუსეთის დედაქალაქის, რუსეთის ქალაქებისა და სამრეწველო ობიექტების დაბომბვის შემდეგ.

   მაგრამ ხომ გაგიგიათ, „როგორც გემს დაარქმევ, ისე გაცურავსო“ — ხალხმა და ჯარმა ზუსტად უნდა იცოდნენ, სად, ვისთან და რისთვის იბრძვიან. ეს სპეცრაზმი იღებს მკაფიო ბრძანებას და სწრაფად ასრულებს სპეცოპერაციის დასახულ ამოცანას. ხოლო ჯარს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია იბრძვის და ამასთან დანაკარგებს განიცდის, ვფიქრობ, უფლება აქვს იცოდეს უფრო მკაფიო საბოლოო მიზანი, ვიდრე მტრის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაციაა“. ბრძოლაში მიმავალ ჯარისკაცს არ უნდა ჰქონდეს ეჭვები და კითხვები, მან უნდა იცოდეს, რომ მტერს სამამულო ომში ებრძვის, იცავს თავის სამშობლოს, რომელიც განსაცდელშია. რუსეთის ომი უკრაინასთან — არც სამოქალაქოა და არც მსოფლიო, არამედ სამამულოა. ვფიქრობ, მხოლოდ სათანადოდ მოტივირებული ჯარისკაცი ასრულებს მეთაურის ბრძანებას და ჩადის გმირობას. სწორედ ამის წინააღმდეგ არის მიმართული უკრაინული პროპაგანდა, რომელსაც მრავალრიცხოვანი უკრაინული მედიასაშუალებები მთელ მსოფლიოში ავრცელებენ და რომლის მთავარი მიზანიცაა — შეცდომაში შეიყვანოს რუსი ჯარისკაცი და მოსახლეობაში პანიკა გამოიწვიოს. დასანანია, რომ რუსეთში ბევრს არ ესმის ასეთი ელემენტარული რამ და პანიკურ განწყობებს ამკვიდრებს.

ნახეთ: მოსახლეობის თითქმის ნახევარმა დატოვა უკრაინა, ხოლო Gallup-ის ბოლოდროინდელი გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ დარჩენილი უკრაინელების ორი მესამედი (უფრო ზუსტად — 66%) რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვას უჭერს მხარს, და გამოკითხულთა მხოლოდ 24% უჭერს მხარს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას. თუმცა 2022 წელს Gallup-ის გამოკითხულთა 73% კონფლიქტის გაგრძელების მომხრე იყო, ხოლო 22% — მოლაპარაკებების გზით მისი უსწრაფესი დასრულების. იმათი რიცხვი, ვინც დღეს თანახმაა, რომ საზღვარი მათსა და რუსებს შორის ფრონტის ხაზზე გადიოდეს, იმათზე მეტია, ვინც „რუსეთისგან ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების“ მომხრეა. ამიტომ, ყველა უკრაინელისთვის „განადგურებას დაქვემდებარებული ფაშისტი ნაძირლების“ წოდება არასწორია — საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, საღი აზრის მქონე უკრაინელებმა თავად უნდა გაარკვიონ ურთიერთობა საკუთარ ხელისუფლებასთან. ხოლო „ბანდერელები“ — რუსეთისა და რუსების მოძულენი — უკრაინაში ყოველთვის იყვნენ: დიდ სამამულო ომამდეც, ომის დროსაც და მის შემდეგაც. სულელებსა და ბოროტებს, როგორც ყველა ნაციონალისტს, არ ესმით, რომ მათ თავიანთ თამაშში საზარბაზნე ხორცად იყენებენ ბიძიები და დეიდები ევროპიდან, რომლისკენაც ისინი ასე ვნებიანად მიილტვიან. აი რატომ იკავებს თავს რუსეთის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოყენებისგან! პუტინს სიმტკიცე არ აკლია, უბრალოდ მას ესმის: დაისაჯოს მთელი უკრაინა ზელენსკის რეჟიმის ქმედებების გამო ისეთივე შეცდომა იქნებოდა, როგორც დაისაჯა საქართველო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულისთვის, რადგან შედეგების დასაძლევად წლები დასჭირდება, მაგრამ „ნაიარები მაინც გამოჩნდება“...

თუმცა ჯარისკაცებისთვის ამ ნიუანსების ცოდნა სულაც არ არის აუცილებელი — რუსული არმიის ჯარისკაცები, ოფიცრები და გენერლები უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას ასრულებენ და მათთვის რთული იქნება გამარჯვება, თუ შეცდომაში იქნებიან შეყვანილნი. არ შეიძლება სამამულო ომს, რომელშიც ისინი იბრძვიან, „სპეცოპერაცია“ ვუწოდოთ, არ შეიძლება ბრძოლის ველზე მტერი „სლავური სისხლის ძმებად“ მივიჩნიოთ, „რომლებიც ცუდმა ბიძიებმა და დეიდებმა მოატყუეს და ფუნთუშებით გამოკვებეს“. სრულიად საკმარისია, რომ ყველაფერი იცის პრეზიდენტმა პუტინმა, რომელმაც შემთხვევით არ ჩაიცვა კამუფლირებული საველე ფორმა და განაცხადა, რომ „სპეცოპერაცია დასასრულს უახლოვდება“. რა იგულისხმა მან? ის, რომ „სპეცოპერაცია დასასრულს უახლოვდება და იწყება ომი“ — სწორედ ეს იგულისხმა რუსეთის მთავარმა პოლიტიკოსმა, რომელსაც აიძულებენ „წითელი ხაზი“ გადაკვეთოს და „წითელ ღილაკს“ დააჭიროს.

ხოლო ბენზინის კრიზისი, რომელიც გამოწვეულია Deep Strike-ისა და Middle Strike-ის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მუშაობით, — სისულელეა. გქონდეს ნავთობი და არ გქონდეს ბენზინი — იგივეა, რაც გქონდეს ოქრო და არ გქონდეს ფული. რუსეთს აქვს ზღვა ნავთობი და მთები ოქრო, ამის ბენზინად და ფულად კონვერტირება ადვილია. აშშ-მ ვერ შეძლო ირანის პირისაგან მიწისა აღგვა არა იმიტომ, რომ სხვა ნახევარსფეროში, ზურგს მოწყვეტით (რაც ვერ ჩაანაცვლა ავიამზიდებმა და ბაზებმა ყურის ქვეყნებში) ომი უკიდურესად რთულია; და არც იმიტომ, რომ ირანელი ხალხი გაერთიანდა, არამედ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო, ანუ ნავთობის კრიზისის გამო, რომელმაც მსოფლიო შეძრა. თუ რუსი ხალხი გაერთიანდება (და ის გაერთიანდება სამამულო ომში და არა სპეცოპერაციაში), თუ რუსეთი, თუნდაც თავისი ეკონომიკის საზიანოდ, დროებით შეწყვეტს ნავთობისა და გაზის მიწოდებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაშინ ეფექტი არანაკლები იქნება, ვიდრე ჰორმუზის სრუტის ბლოკადისას, და ომი ისევე სწრაფად დასრულდება. რუსეთს დაუბრუნებენ გაყინულ აქტივებს და გაუუქმებენ ანტირუსულ სანქციებს, როგორც დაპირდნენ დაბრუნებას და გაუქმებას ირანს, რომელიც დამატებით კომპენსაციას ითხოვს.

P.S.

მას შემდეგ, რაც ამ პუბლიკაციის ბოლოს წერტილი დაისვა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა საინფორმაციო სამსახურ „ვესტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პაველ ზარუბინთან განაცხადა, რომ იმის გამო, რომ დასავლეთი ყოველნაირად ეხმარება კიევს, სპეცოპერაცია უკრაინაში ომად გადაიქცა...

   „სანამ დრონი არ იჭექებს, კაცი პირჯვარს არ გადაიწერსო“ — თავს უფლებას მივცემ აღვნიშნო, რომ დასავლეთი უკრაინას ეხმარებოდა სპეცოპერაციის პირველივე დღიდან, ხოლო ის, რომ ეს ომია, მხოლოდ დღეს აღიარეს, 4-წლიანი დაგვიანებით, უკრაინული დრონების მიერ მოსკოვზე, სანქტ-პეტერბურგსა და რუსეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული მასირებული შეტევების შემდეგ. ამიტომ დასავლეთის დახმარება არ არაფერ შუაშია — უკრაინა მარტოც რომ იბრძოდეს, როგორც რუსეთი, ეს მაინც ომი იქნებოდა.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

4 ივლისი 2026 წელი
საქართველო, თბილისი