საზოგადოება
ქართული კულტურისთვის ინტიმური ცხოვრების საჯარო დემონსტრირება მიუღებელია - ანდრია ჯაღმაიძე

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. ევროკავშირის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისადმი დამოკიდებულება 2019 წლიდან შეიცვალა, როდესაც თბილისთან ურთიერთობებში სულ უფრო ხშირად დაიწყო ლგბტ-თემთან დაკავშირებული საკითხების წინ წამოწევა, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

გადაცემა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯაღმაიძემ გაიხსენა, რომ 2019 წელს ბათუმში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეძღვნებოდა, იმ პერიოდში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრ მიხაელ როთს ჰკითხა, გახდებოდა თუ არა ლგბტ-პრაიდების ჩატარება ევროკავშირის სავალდებულო მოთხოვნა საქართველოსთვის.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, მან განმარტა, რომ ქართული კულტურისთვის ინტიმური ცხოვრების საჯარო დემონსტრირება მიუღებელია, მსგავსი აქციების თავსმოხვევა კი მხოლოდ აძლიერებს საზოგადოების გახლეჩას და ქმნის ხელსაყრელ ნიადაგს ამ თემის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად გამოყენებისთვის.

ჯაღმაიძის თქმით, პასუხად როთმა განაცხადა, რომ ევროპის ფუნდამენტური ღირებულებებია ტოლერანტობა და უმცირესობების პატივისცემა, ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ეთნიკური, რელიგიური ან სექსუალური უმცირესობების საჯარო კრიტიკა კი მიუღებელია.

მან ისევ ასე - შუშის თვალებით გვითხრა, რომ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

საპატრიარქოს წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა ბრიუსელში 2019 წლის შემოდგომაზე „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებთან და ევროპარლამენტარებთან — ანდრიუს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩიენესთან გამართულ შეხვედრებზე.

მისი თქმით, ქართული დელეგაცია სამი დღის განმავლობაში არწმუნებდა ევროპელ პოლიტიკოსებს, უარი ეთქვათ თბილისზე ზეწოლაზე ლგბტ-საკითხებთან დაკავშირებით და აფრთხილებდა მათ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქართულ საზოგადოებაში ანტიევროპული განწყობების გაძლიერებას გამოიწვევდა.

ჩვენ ვეუბნებოდით მათ: თუ თქვენ მართლაც გსურთ, რომ საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდეს, ნუ მოახვევთ ქვეყანას თავს ამ დღის წესრიგს. სწორედ ეს აგვაცილებს თავიდან ანტიევროპული განწყობების ზრდას“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

დეკანოზის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების პასუხი ერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

სამი დღე ვისაუბრეთ და დამშვიდობებისას პასუხი იყო ის, რომ წლების წინ ჩვენც ვიყავით ჰომოფობები და თქვენც შეეჩვევით ამ ლგბტ-დღის წესრიგს. ეს რასა იუკნევიჩიენეს სიტყვებია“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.