ირანი წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს ისრაელისთვის, ხოლო ისრაელის ერთადერთი მოკავშირე — აშშ — წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს ირანისთვის. თებერვალში აშშ-ის სპეცოპერაციის ნამდვილი მიზანი იყო ძლიერი იმპულსი, რომელსაც შეეძლო რევოლუციის პროვოცირება — აიათოლების რეჟიმის დამხობა, რის შემდეგაც ბირთვული პროგრამა ავტომატურად შეიკვეცებოდა.
მიზანი არ იქნა მიღწეული: როგორც ცოტა ხნის წინ ტრამპმა აღიარა, აშშ ირანელების „პროგრესულ“ ნაწილს ქურთების გავლით უგზავნიდა იარაღს, მაგრამ ქურთები იარაღს არ გადასცემდნენ — ითვისებდნენ (ტრამპი მათ ამას „გაუხსენებს“ თურქეთის გასახარად). ამასთან ერთად ტრამპი, თანაც აშშ-ში შუალედური არჩევნების წინ, დაამცირეს და გააბრაზეს: ირგვლივ ყველა ამბობდა, რომ ირანმა გაიმარჯვა და აშშ-მა აიღო ვალდებულება მოეხსნა სანქციები და გადაეხადა კომპენსაციები. ევროპამ და ნატომ უარი თქვეს ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღებაზე —ფულის გადახდასა და სპეცოპერაციაში ბრძოლაზე.
ახლა ტრამპის თავმოყვარეობაზე თამაში ევროპელებსა და ნატოს ძვირად დაუჯდებათ: ისინი კვლავ ნავთობის გარეშე დარჩებიან, მათ ტანკერებს კვლავ ჩაძირავენ ჰორმუზის სრუტეში, ხოლო ნატო გაშვერილი ხელით მოვა. უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებისა და ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, შეერთებული შტატები ბენზინისა და ნავთობის კუთხით მსოფლიოში ყველაზე მთავარი ქვეყანა გახდა. ამრიგად, ტრამპმა საბოლოოდ მიაღწია თავის მიზანს და სტამბოლის სამიტზე ნატოს თავისი უკმაყოფილება სახეში მიახალა.
ტრამპმა არ აპატია ირანელებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლობის მებრძოლი განცხადებები, უწოდა მათ „ავადმყოფები“, „ბოროტები“, „გიჟები“ და არ მისცა მათ ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მშვიდად დაკრძალვის საშუალება. ამით მთავარმა ამერიკელმა სპარსელებს პირდაპირ გულში დაარტყა, შეურაცხყო მათი ყველაზე წმინდა გრძნობები და აჩვენა, რომ ფეხებზე ჰკიდია მათი ლოზუნგები „სიკვდილი ამერიკას!“ და შურისძიების ნიშნად აღმართული წითელი დროშები.
8 ივლისის დარტყმით ტრამპმა შეახსენა ჩინეთს, რუსეთსა და ევროპას, რომ აშშ კვლავინდებურად თავად არის საკუთარი თავის ბატონ-პატრონი, ირანს თავის ტოლად არ თვლის, ტერორისტების შურისძიების არ ეშინია და არანაირი შეთანხმებები ამერიკას არაფერს ავალდებულებს, თუკი მათ ატყუებენ და მათ ეროვნულ ინტერესებს ზღუდავენ.
ტრამპისთვის ირანის ლიდერის მრავალდღიანი დაკრძალვა სიკვდილიდან 4 თვის შემდეგ — გრანდიოზული შოუ და აღმოსავლური ბარბაროსობაა, ამიტომ ტრამპმა ნამდვილი რაკეტების ფოიერვერკებით თავისი შოუ მოაწყო და ყველას შეახსენა, რომ მსოფლიოში მთავარი შოუმენი — ის, ჰოლივუდის სამშობლოს პრეზიდენტი ტრამპია.
აი რატომ იქნება, რომ სამხედრო მოქმედებები აშშ-სა და ირანს შორის, რომელმაც საპასუხოდ კვლავ განახორციელა სარაკეტო დარტყმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე, პერმანენტულად აალდება და მინელდება იმ შეთანხმების დადებამდე, რომელშიც აშშ „სახეს შეინარჩუნებს“ და რომელსაც შუამავლების მეშვეობით ითხოვს ირანი.
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.
8 ივლისი, 2026 წელი
საქართველო, თბილისი