აქტუალური
თურქეთმა ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა და ისრაელის პრემიერ-მინისტრზე ინტერპოლის ძებნა გამოაცხადა

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. სტამბოლის მე-11 უმაღლესმა სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების საერთაშორისო ორდერის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო, რაც თელ-ავივის მიერ ღაზას სექტორისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების ფლოტილიის დაკავებას უკავშირდება, — წერენ Hürriyet Daily News და Türkiye Gazetesi.

Türkiye Gazetesi აღნიშნავს, რომ სასამართლომ ისრაელის პრემიერის მიმართ ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“ (შეტყობინების) გაცემა გადაწყვიტა. საუბარია ჰუმანიტარულ ფლოტილია Global Sumud Flotilla-ზე (GSF), რომელიც ღაზაში დახმარების ჩატანას ცდილობდა. აპრილში სტამბოლის პროკურატურამ ფლოტილიის გემების შეიარაღებული დაკავების გამო 35 პირის, მათ შორის ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა გამოაქვეყნა. უწყებამ თითოეული მათგანისთვის სამუდამო პატიმრობისა და 1102 წლისა და 9 თვიდან 4596 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის მისჯა მოითხოვა. პროკურატურამ მიიჩნია, რომ ისრაელის ქმედებები წარმოადგენდა „საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების აშკარა და უხეშ დარღვევას და თან ახლდა გემების იძულებითი გაჩერება, სამოქალაქო პირების ძალისა და ძალადობის გამოყენებით დაკავება, ფიზიკური ძალადობა, აგრეთვე ადამიანის ღირსებასთან შეუთავსებელი მოპყრობა“.

ნეთანიაჰუს გარდა, საქმის ფიგურანტებს შორის არიან ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი, მისი წინამორბედი იოავ გალანტი, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი ითამარ ბენ-გვირი, გენერალური შტაბის უფროსი ეიალ ზამირი და სხვები.

მათ ბრალად ედებათ „კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები“, „გენოციდი“, „თავისუფლების აღკვეთა“, „სხეულის განზრახ დაზიანება“, „წამება“, „ყაჩაღობა“, „ქონების განადგურება ან დაზიანება“ და „სატრანსპორტო საშუალების ხელში ჩაგდება“.

ისრაელის მხარე ბრალდებებს უარყოფს. თითქმის არ გადის დღე ისე, რომ ერდოღანმა ისრაელის განადგურებისკენ არ მოუწოდოს. ჩვენ ამ სიტყვებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, რადგან თუ არის რამე, რაც ჩვენი ხალხის ისტორიიდან ვისწავლეთ, ეს არის ის, რომ როდესაც ვინმე ამბობს, რომ თქვენი განადგურება აქვს განზრახული, ეს სერიოზულად უნდა აღიქვათ“, — განაცხადა ნეთანიაჰუმ ივნისში. მაისში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნეთანიაჰუს დაემუქრა, რომ ის მალე „გაკვეთილს მიიღებდა“ მთელი მსოფლიოს მუსლიმებისგან.