საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ივნისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 612,6 მლნ დოლარით შეავსო.
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული მიმდინარე სიტუაციის შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება გააგრძელა, იუწყება ტელეარხი „იმედი".
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
2026 წლის ივნისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 612,6 მლნ დოლარი შეადგინა, საერთაშორისო რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 7,1 მლრდ დოლარი.
კერძოდ, ივნისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 612,6 მლნ დოლარით შეავსო. 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 2,078.4 მლნ დოლარი შეადგინა.
2026 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარი - 86,6 მლნ დოლარი
თებერვალი - 429,3 მლნ დოლარი
მარტი - 16,2 მლნ დოლარი
აპრილი - 333,3 მლნ დოლარი
მაისი - 632,9 მლნ დოლარი
ივნისი - 612,6 მლნ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს
2025 წელს საერთაშორისო რეზერვები 1.709,5 მილიონი დოლარით გაიზარდა, 2024 წელს 562,1 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო 2023 წელს 101,5 მილიონი დოლარით გაიზარდა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 5,6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (3,9 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (1,7 მლრდ აშშ დოლარი).
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 471,3 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,5 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რეზერვებში ოქრო შეადგენს 1,14 მლრდ დოლარს (რეზერვების მთლიანი მოცულობის 16,1%).
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება უარყოფითია - 315,6 ათასი დოლარი.