საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. „ტერაბანკის“ მფლობელები შეთანხმდნენ აქციების გაყიდვის შესახებ - მყიდველია კომპანია AGE S.A. (ჰოლდინგ Arins Group LLC-ის ნაწილია), რომელიც მთლიანად აკონტროლებს სომხეთში საბანკო ქსელ „არდშინბანკს“, იუწყება ქართული მედია „ტერაბანკზე“ დაყრდნობით.
„ტერაბანკის“ მფლობელები არიან შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ-ნაჰიანი (80%), შეიხ მოჰამედ ბენ ბუტი ალ-ჰამედი (15%) და შპს „ინვესტმენტ ტრეიდინგ ჯგუფი“ (5%).
ტრანზაქციის დასრულება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საჭირო ნებართვების გაცემის შემდეგ იგეგმება. გარიგების ფასი არ ხმაურდება.
„ტერაბანკისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ბანკის ახალი ინვესტორი ძლიერი და გამოცდილი ფინანსური ჯგუფია, რომელსაც მრავალწლიანი საბანკო გამოცდილება, ფინანსური რესურსი და გრძელვადიანი განვითარების ხედვა აქვს. ჩვენს ამჟამინდელ აქციონერებთან ერთად შექმნილი მყარი საფუძვლებისა და თანმიმდევრული ზრდის გათვალისწინებით, ეს საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები ბაზარზე, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ქართულ ბიზნესს და მომხმარებლებს თანამედროვე და მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტები და მომსახურებები შევთავაზოთ“, — აცხადებენ "ტერაბანკში".
„ტერაბანკი“ აქტივების მოცულობით საქართველოში რიგით მეექვსე კომერციული ბანკია. 2026 წლის ივლისის მონაცემებით, მისი მთლიანი აქტივები 2,27 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო საკრედიტო პორტფელი - 1,72 მილიარდ ლარს. 2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ბანკმა 18 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.
შპს „არინს ჯგუფი“ (Arins Group LLC) ცნობილი სომეხი ბიზნესმენის, კარენ საფარიანის საკუთრებაში არსებული მსხვილი საერთაშორისო ჰოლდინგია. კომპანია რეგიონში ჯგუფის წამყვანი ფინანსური აქტივების მართვის სტრუქტურაში საკვანძო ელემენტს წარმოადგენს. ის სრულად აკონტროლებს „არდშინბანკს“, სომხეთის ერთ-ერთ უდიდეს და ყველაზე სტაბილურ ბანკს.
ჰოლდინგი აქტიურად ავითარებს საერთაშორისო მიმართულებას და ინვესტიციებისთვის იყენებს თავის ლუქსემბურგის სტრუქტურას, AGE S.A.-ს. ამ შვილობილი კომპანიების მეშვეობით, Arins Group აფართოებს თავის ბიზნესს სომხეთის ფარგლებს გარეთ ძირითადი საბანკო და სასტუმრო აქტივების შეძენით.