საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინას ევროკავშირსა და ნატო-ში მყისიერ გაწევრიანებას ჰპირდებოდნენ, მაგრამ ახლა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ნატო-ში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა და რამდენად გაწევრიანდებიან, არავინ იცის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ამავე შინაარსის განცხადებას ბიუროკრატიის სხვადასხვა წარმომადგენელიც აკეთებდა.
„საქართველოში ვინმე თუ კითხვას დასვამდა, როდის ხდება უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი და რა პირობების დაკმაყოფილებით, კითხვის დამსმელი მაშინვე რუსეთუმედ გადაიქცეოდა და მის მიმართ ბულინგი მიმდინარეობდა. ამ ყველაფერს ისინი აკეთებდნენ, ვინც გარედან ფინანსდებიან და გარე მითითებებს არიან დამორჩილებული. ამ ადამიანებს მოვუწოდებთ, საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ საჯარო პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის. სალომე ზურაბიშვილის განცხადება გახსოვთ, სადაც თქვა, ზელენსკის წითელი ხალიჩებით ხვდებიან და თქვენ ასე იყავითო. თურმე „ასე იყავით“-ში საქართველოში მშვიდობას გულისხმობდა. იმ ადამიანებისთვის რომ დაგვეჯერებინა, რომლებიც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ, ომის იმ ქარცეცხლს მივიღებდით, რაც უკრაინაშია. უკრაინასთან დაკავშირებით ნებისმიერი პოზიციის დაფიქსირება ანტიქართულ და ანტიუკრაინულ ნაბიჯად აღიქმებოდა, ეს მაშინ, როცა საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა უკრაინის დახმარების თვალსაზრისით. ვინც ამ ნარატივს ავრცელებდა, მათ ცრუპენტელობის გამო ბოდიში აქვთ მოსახდელი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.