აქტუალური
გრიგოლ გეგელია: რუსეთის ათიათასობით მოქალაქე ლარსისკენ დაიძრა

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, რუსეთის ათიათასობით მოქალაქე კვლავ ლარსის გამშვებ პუნქტს მიაწყდა და საქართველოში თავშესაფარს ეძებს.

გეგელიას თქმით, ხელისუფლებამ არ მიიღო არანაირი ადეკვატური ზომა საზღვრის კონტროლისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

ჩვენთვის არაერთი წყაროდან არის ცნობილი, მათ შორის, რუსული ღია წყაროებიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს, მათ შორის, შესაძლო მობილიზაციის გამო, რომელზეც საუბრობს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გამოცემა, Politico. რა თქმა უნდა, ეს არაერთი რისკის შემქმნელია ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჯერ კიდევ, 2021 წელს, „ლელო - ძლიერი საქართველო“ საქართველოს დაცვის აქტში მკაფიოდ მოუწოდებდა რეჟიმს იმისაკენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები ყოფილიყო ამ მიმართულებით გადადგმული, ეს მათ შორის, გულისხმობდა მიგრაციული ნაკადის კონტროლს, სავიზო რეჟიმის გადახედვას, საქართველოს აბსოლუტურად არაადეკვატური სავიზო რეჟიმი აქვს. ეს გულისხმობდა იმ ტიპის მექანიზმების შემოღებას და დაწესებას, რაც თავსებადია საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ჩვენს დემოგრაფიულ ინტერესებთან და ნამდვილი მშვიდობის ინტერესებთან ქვეყნის შიგნით და საერთოდ, რეგიონში. თუმცა, რუსეთის ვასალმა რეჟიმმა, რომელიც ყოველთვის ემსახურება რუსეთის ფედერაციას და რომელსაც ღიად ციტირებს და აქებს ზახაროვა, სხვა პროპაგანდისტული საშუალებები, ამ რეჟიმმა, არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ეს რეჟიმი არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს, ის ემსახურებოდა რუსეთს და მის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა გეგელიამ.