საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებებისა და ფინანსური თაღლითობისგან დაცვის ახალი წესების შესახებ განმარტება გააკეთა:
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომხმარებელთა ძლიერი აუთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს კლიენტების დაცვას მაღალრისკიანი ტრანზაქციებისა და შესაძლო ფინანსური თაღლითობისგან. დაცვის დამატებითი მექანიზმი ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, როცა გადახდის მომსახურების პროვაიდერი ერთდროულად ოთხ გარემოებას დაადგენს: ტრანზაქციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილთან; გამოვლენილია უჩვეულო ქცევა; თანხა აღემატება 500 ლარს; კლიენტის ასაკი 60 წელზე მეტია. ყველა ასეთ შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია 48 საათით შეაჩეროს ოპერაცია, დაუკავშირდეს კლიენტს და მიაწოდოს ინფორმაცია რისკების შესახებ“, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.