სამართალი
მოსკოვი გერმანიის გენსაკონსულოსა და გოეთეს ცენტრებს ხურავს

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. მოსკოვმა ბერლინის გადაწყვეტილების საპასუხო ზომები გამოაცხადა, რაც ბონში რუსეთის გენერალური საკონსულოსა და ბერლინში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის სახლის დახურვას მოჰყვა, - იუწყება „რია ნოვოსტი“.

რუსულმა მხარემ სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობის ნებართვა გააუქმა. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საქმიანობა არაუგვიანეს 2026 წლის 18 სექტემბრისა უნდა შეწყვიტოს, ხოლო მისმა თანამშრომლებმა რუსეთის ტერიტორია ამავე თარიღამდე უნდა დატოვონ.

გარდა ამისა, რუსეთში გოეთეს სახელობის კულტურული ცენტრების საქმიანობა უნდა შეწყდეს. გერმანიიდან მივლინებულ ცენტრების თანამშრომლებს ქვეყნის დატოვება არაუგვიანეს 2026 წლის 13 სექტემბრისა დაევალათ. შესაბამისი დიპლომატიური ნოტები გერმანიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს გადაეცა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორმხრივი ურთიერთობების მორიგ გამწვავებაზე პასუხისმგებლობა გერმანიის ხელისუფლებას დააკისრა და განაცხადა, რომ სწორედ ბერლინის ქმედებებმა გამოიწვია ესკალაციის ახალი ტალღა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობა გფრ-ის მთავრობას ეკისრება.