საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საზღვაო პორტებმა და ტერმინალებმა 2026 წლის რვა თვეში ბოლო ათწლეულის რეკორდული რაოდენობის ტვირთი გადაამუშავეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, საანგარიშო პერიოდში ტვირთბრუნვამ 13,7 მლნ ტონას მიაღწია, რაც გასული წლის მაჩვენებელს 24%-ით აღემატება:
„წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ რვა თვეში საქართველოს საზღვაო პორტებსა და ტერმინალებში გადამუშავდა 13,7 მლნ ტონა ტვირთი - 24%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია“, - აღნიშნა მარიამ ყვრივიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ზრდა დაფიქსირდა ყველა ძირითად სატრანსპორტო სექტორში: რკინიგზაზე ტვირთბრუნვა 11%-ით გაიზარდა, ხოლო საავიაციო გადაზიდვები - 30%-ით:
„ჩვენთვის შავი ზღვა არ არის „შუა დერეფნის“ საბოლოო წერტილი - ის მისი ბუნებრივი გაგრძელებაა. პირდაპირი წვდომა შავ ზღვაზე საქართველოს „შუა დერეფნის“ ერთ-ერთ საკვანძო რგოლად აქცევს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას გლობალურ ბაზრებთან დაკავშირების საშუალებას აძლევს. სწორედ ამ გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენება და საზღვაო შესაძლებლობების განვითარება არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც 2036 წლისთვის პორტებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას ითვალისწინებს“, - განაცხადა მარიამ ყვრივიშვილმა.