საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. 2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა 8,14 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის. წინა ჯერზე სებ-ის რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს 2026 წლის 30 ივლისს - 7,53 მლრდ დოლარს მიაღწია.
„საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სებ-ის მონაცემებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მიმდინარე დონე სსფ-ის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ (ARA metric) ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს აღემატება და 128,2%-ს შეადგენს. აგვისტოში რეზერვები 613 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან — თითქმის 2 მლრდ დოლარით. უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები 6,5 მლრდ დოლარს შეადგენს (ფასიან ქაღალდებში — $5 მლრდ, უცხოურ ბანკებსა და სსფ-ში — $1,5 მლრდ). SDR-ში განთავსებულია 474,5 მლნ დოლარი, ხოლო მონეტარულ ოქროში — 1,15 მლრდ დოლარი (მთლიანი რეზერვების 14,1%).