სამართალი
პროკურატურამ ბურჭულაძესა და მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა და საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა, თუმცა გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, სუს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ბოლოდან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის ძვირადღირებული აპარატურის საიდუმლო შესყიდვისას შეიქმნა არაკონკურენტული გარემო:

არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი ვასილ მხეიძე დაუკავშირდა გამოცდილ ბიზნესმენს და შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება შესთავაზა, რაც უზრუნველყოფდა დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას სასურველი ფასით, სანაცვლოდ კი მთლიანი თანხის 10%-ის ქრთამის სახით გადაცემა მოითხოვა. ჯუანშერ ბურჭულაძე შეუთანხმდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სრულ მფარველობაზე. შედეგად, სამინისტრომ 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების აპარატურა 18 484 960 ლარად შეიძინა, რითაც სახელმწიფოს მიადგა 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი.

შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა 1 900 000 ლარი. მხეიძემ 400 000 ლარი დაიტოვა, ხოლო 1 500 000 ლარი გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ბურჭულაძემ თავისთვის დაიტოვა 750 000 ლარი, ხოლო მეორე ნახევარი — 750 000 ლარი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს“.

საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძეს განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (3 წელი საპატიმროში, 2 წელი პირობით) და ჯარიმა 1 000 000 ლარი. ვასილ მხეიძეს — 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა (1 წელი და 2 თვე საპატიმროში, 3 წელი პირობით) და ჯარიმა 100 000 ლარი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე დანაშაულებრივ ეპიზოდზე ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.