საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. „რაკიღა არ დასრულდა სამთავრობო „გირჩის“ და „ნაცმოძრაობის“ ერთობლივი (მე ვიტყოდი, ორკესტრირებული) კამპანია, ცოტა ვრცლად მეც მოვყვები. ძირითადად შევეხები იმ საკითხს, რომელიც ჩვენი კოალიციის და პირადად ჩემ მიმართ აგორებულ გილაურის მითიურ 40 მილიონს ეხება“, - ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, განსაკუთრებით სამწუხარო ისაა, რომ ამ კამპანიაში ძალიან აქტიურად ჩაერთო თავად სააკაშვილიც, რომელმაც შესანიშნავად იცის გილაურის ამბავიც და ისიც, რომ 40 მილიონის ისტორია შეთხზული ტყუილი და წარმოუდგენელი აბსურდია:
„თავად თქვა „ქოცმა“ რაქვიაშვილმა და ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ამ სამთავრობო ვითომ ოპოზიციას ივანიშვილთან შეხვედრები მაშინაც კი ჰქონდა, გარეთ ქვეყანა რომ ინგრეოდა, ხალხს წამლავდნენ, უმოწყალოდ სცემდნენ, თავ-პირს ამტვრევდნენ, ციხეში უშვებდნენ. რაც არ უთქვამს, მაგრამ ვიცით, ფულიც აიღეს პროტესტის გაშავებაში და მთელ თანმდევ ანტიოპოზიციურ პროპაგანდაში, მათ შორის და პირველ რიგში, ჩვენი კოალიციის და პირადად ჩემს გაშავებაში. ეს დაუკვეთა ივანიშვილმა, ამაში გადაუხადა ფული და ამას ასრულებენ პირნათლად.
ეს მათგან არც ახალი და არც გასაკვირი არაა. ახალი, გასაკვირი და სამწუხარო ისაა, რომ ამ ყველაფერში სრულიად არაშემთხვევით ჩართული აღმოჩნდა „ნაცმოძრაობა“ და განსაკუთრებით მისი რამდენიმე სპიკერი... ის, რომ სამთავრობო „გირჩს“ და სააკაშვილს მიმოწერა ჰქონდათ, ესეც ცნობილია. სააკაშვილი თავად იყო ერთ-ერთი მხარდამჭერი გილაურის ფიგურის პოლიტიკურ ველზე გამოსვლის... საბოლოოდ, არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ერთ სუბიექტზე და გილაურმა აირჩია 4-იანი. შეეძლო აერჩია სხვაც. აკი ეხვეწებოდა კიდეც ენმ, მაგათ დაანებე თავი, ჩვენ დაგვაფინანსე და ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იყავიო.
და კი, 40 მილიონი ნებისმიერ ვალუტაში, გინდაც 20 და გინდაც 10, აბსოლუტური სისულელე და ტყუილია. ჩვენ დავხარჯეთ 10 მილიონი ლარი, ეს არ დაგვიმალავს და დამფინანსებლებში გილაური იყო მხოლოდ ერთ-ერთი და ნამდვილად არა ერთადერთი... ფაქტი ისაა, რომ ენმ-მაც და სააკაშვილმაც შესანიშნავად იციან, რომ ამორალურად იქცევიან და ტყუილებს ავრცელებენ. იციან და მაინც აკეთებენ ამას... და ზუსტად ვიცი, პატიებას არ ვაპირებ. არავისთვის“, - წერს ნიკა გვარამია.