საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოდან 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებულია 7,8 ათასი ტონა თხილი, რომლის ღირებულებამ 79,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურაა, რომლის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 5%-ით (341 ტონით), ხოლო ღირებულება 41%-ით (22,9 მილიონი აშშ დოლარით) არის გაზრდილი.
2026 წლის რვა თვეში ერთი კილოგრამი ქართული თხილის საშუალო საექსპორტო ფასმა 10,2 აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის საშუალო ფასზე 34%-ით მეტია.
ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც საანგარიშო პერიოდში 12,5 ათასი ტონა თხილი გავიდა. გარდა ამისა, 1,5 ათასი ტონა თხილი სირიაში, 732 ტონა რუსეთში, 532 ტონა კი სომხეთსა და სხვა ქვეყნებში გავიდა.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2022 წლიდან მოქმედებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის ბაღი, სახელმწიფოსგან სუბსიდიას (აგრობარათებზე დარიცხული ქულების სახით) – ერთ ჰექტარზე 500 ლარს იღებს.