საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. მოსკოვში წარმოადგინეს აფხაზეთის გავლით რუსეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის გამჭოლი სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის პროექტი. ინიციატივის სამუშაო სახელწოდებაა - „პუტინის გზა“. პროექტი შეიმუშავა რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ვლადისლავ გასუმიანოვმა. ის 28 სექტემბერს, კონფერენციაზე „სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელების განვითარების პერსპექტივები“ წარმოადგინეს. განხილვაში მონაწილეობდნენ კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული კვლევების ცენტრი და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის რუსულ-სომხური ურთიერთობების კვლევის ცენტრი.
კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული კვლევების ცენტრის დირექტორმა, არამ საფარიანმა განაცხადა, რომ სარკინიგზო მიმოსვლის განბლოკვა კვლავ აქტუალური გახდა სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის შემდეგ. მისი თქმით, მოსკოვი-თბილისის მარშრუტის აფხაზეთის გავლით აღდგენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ 2016 წლიდან განიხილებოდა, თუმცა მაშინ მოლაპარაკებების პროცესი შეჩერდა. საფარიანმა გამოთქვა წინადადება, რომ ახალი პროექტი განიხილონ როგორც რეგიონის საერთო სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემის ნაწილი და არა როგორც სხვა ინიციატივების ალტერნატივა.
კვლევითი ცენტრის „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ტატულ მანასერიანი ასევე გამოვიდა სარკინიგზო მიმოსვლის განახლების ინიციატივით და იგი მთელი სამხრეთ კავკასიის შესაძლო განვითარებას დაუკავშირა. პროექტის ავტორები და მისი მხარდამჭერი სომეხი ექსპერტები მას სომხეთის მთავრობის კონცეფციას, „მშვიდობის გზაჯვარედინს“ უკავშირებენ და რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვისთვის გადაწყვეტილებების მოძიებას პოლიტიკური უთანხმოებების მიღმა გვთავაზობენ. მანასერიანმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო წლებში თბილისში რუსეთთან ურთიერთობის მიდგომების გადახედვა მიმდინარეობს. მისი შეფასებით, საქართველოს პოლიტიკა სულ უფრო ხშირად განისაზღვრება ქვეყნის ეროვნული ინტერესებით და არა მხოლოდ დასავლეთზე ორიენტაციით.