საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. 2026 წლის 28 სექტემბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს კურთხევით, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი საქართველოში ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში მას თან ახლავან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, სსკგ-ის (საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება) თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და სსკგ-ის თავმჯდომარის მდივანი მღვდელი ნიკოლოზ ვასინი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტუმრებს დახვდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, თბილისში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კლერიკოსი დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი, აგრეთვე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი დ.ა. ოლისოვი.
29 სექტემბერს მიტროპოლიტმა ანტონიმ და მისმა თანმხლებმა პირებმა მოილოცეს ქ. მცხეთა. საქართველოს უძველესი დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე მათ მოინახულეს ჯვრის მონასტერი.
შემდეგ, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას თანხლებით, მომლოცველები ეწვივნენ სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო საკათედრო ტაძარსა და სამთავროს დედათა მონასტერს, სადაც თაყვანი სცეს მოციქულთასწორთა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, და ღირსი გაბრიელ სამთავროელის წმინდა ნაწილებს (საფლავებს).
დღის მეორე ნახევარში სსკგ-ის თავმჯდომარე და მისი თანმხლები პირები გორის ეპარქიას ეწვივნენ. ქ. გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მათ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია მიესალმა.
შემდეგ მიტროპოლიტმა ანდრიამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან ჩამოსულ მომლოცველებს დაათვალიერებინა საეკლესიო მუზეუმი და საეპარქიო სამმართველო, აგრეთვე ღირსი გიორგი მთაწმინდელის სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია, სადაც ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.
ვიზიტის შემდეგი ადგილი ატენის სიონის დედათა მონასტერი გახდა. მიტროპოლიტმა ანტონიმ და მისმა თანმხლებმა პირებმა დაათვალიერეს VII საუკუნეში აგებული და XI საუკუნის ფრესკებით შემკული უძველესი მიძინების ტაძარი.
წყარო: https://patriarchia.ru/