საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია.
ღარიბაშვილი წერილში აღწერს, „რა გაკეთდა ქვეყნის თავდაცვის განმტკიცებისთვის მისი პრემიერ-მინისტრობისა და თავდაცვის მინისტრობის პერიოდში“.
„19 ოქტომბერს დაიწყო ჩემი სასამართლო პროცესი. ამასთან დაკავშირებით, მსურს, განვაცხადო, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, ცილისწამებაზე აგებული საქმე და ამ აბსურდული საქმის დეტალების შესახებ საზოგადოება სრულ სიმართლეს პროცესის მიმდინარეობისას გაიგებს.
იმის გამო, რომ ჩემ მიმართ წარდგენილი ცილისმწამებლური ბრალდება შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხს - თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, მიზანშეწონილად მიმაჩნია, საზოგადოებას მოკლედ გავუზიარო, თუ რა გაკეთდა ქვეყნის თავდაცვის განმტკიცებისთვის ჩემი პრემიერმინისტრობისა და თავდაცვის მინისტრობის პერიოდში.
ამ პერიოდში განხორციელდა: თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვა; სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების განახლება; სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება; ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოება და ნატო-ს სტანდარტების შესაბამის შეიარაღებაზე გადასვლა; სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და კიდევ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი პროექტი.
„ყველაფერი საუკეთესო ჯარს!“ - ეს იყო ჩემი დევიზი, რომელსაც დავაფუძნე ჩემი ხედვა, პოლიტიკა და ყველა გადაწყვეტილება მინისტრად დანიშვნისთანავე. თავდაცვის ძალებთან ერთად საზოგადოებას წარვუდგინეთ განვითარების 10-წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
ჩემს გუნდთან და თავდაცვის ძალებთან ერთად დავიწყეთ მასშტაბური სამუშაოები სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. ყველა სამხედრო ბაზა ნატო-ს ერთიანი სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და რეაბილიტირდა. 2023 წლის ბოლოსთვის აშენდა და რეაბილიტირდა 270 ობიექტი, მათ შორის ყაზარმები, სასადილოები, სპორტული კომპლექსები და საცხოვრებელი კორპუსები. ჯამში, გარემონტდა 500-ზე მეტი ობიექტი.
ავაშენეთ „ჯარის ქალაქი“ და 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს მინიმალურ ფასად გადავეცით ბინები. ამ პროექტის გაგრძელების ვალდებულება და გარანტიები კი თავდაცვის კოდექსში გავწერეთ, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი სავალდებულო გაგრძელება ჩემი თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც.
თუ ვინმემ იცის, რა გავაკეთე ჩემი თავდაცვის მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის დროს ჯარისთვის, ეს, პირველ რიგში, ჩვენმა ჯარმა იცის. ამის დასადასტურებლად კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ: 2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა. მხოლოდ ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჯარის დახურულ უბნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 85-90% მიიღო.
დაბოლოს, მე მთელი გულით ვემსახურე ჩვენს ჯარსა და ჩვენს სამშობლოს. ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის, თავად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.