რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ნობელის პრემია ბიძინა ივანიშვილს - დამსახურებისთვის საქართველოს წინაშე

   სხვა ნომინაციებისგან განსხვავებით, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე განაცხადის შესატანად ნობელის კომიტეტისგან სპეციალური მოწვევა არ არის საჭირო – საკმარისია შერჩევის კრიტერიუმების დაკმაყოფილება, ხოლო კანდიდატების წარდგენა, სხვებთან ერთად, ეროვნული პარლამენტებისა და მთავრობების წევრებს, ასევე სუვერენული სახელმწიფოების მოქმედ მეთაურებს შეუძლიათ.

   ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი არნო ხიდირბეგიშვილი მიმართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პარლამენტს ინიციატივით, წარადგინონ თანამედროვე საქართველოს არქიტექტორის, ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში.

   ბატონო პრემიერ-მინისტრო,
   ბატონო პარლამენტის წევრებო,

   დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მიანიჭებენ, თუკი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე 4 წლისა და 8 თვის ომი ახალ წლამდე დასრულდება. ვფიქრობ, ეს იქნება აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის წვლილის დამსახურებული შეფასება ამ და სხვა კონფლიქტების დასრულებაში (ტრამპმა 8 ომი დაასახელა, რომლებსაც მან მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს ბოლო მოუღო).

   მაგრამ განა არ იმსახურებს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას ბიძინა ივანიშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ლიდერი, რომლის მმართველობის 14 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ საქართველოს არც ერთხელ არ უომია – განსხვავებით 1991-დან 2011 წლამდე მისი ყველა წინა ლიდერის მმართველობის 20-წლიანი პერიოდისგან? არ ვიცი, ვისთან იომებდნენ ქართველები დღეს – კვლავ აფხაზებთან, ოსებთან, რუსებთან თუ საკუთარ თავთან – 14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილს სასიკვდილო რისკზე რომ არ წასულიყო, სასწორზე მთელი თავისი ქონება რომ არ დაედო და სააკაშვილის რეჟიმი კვლავ ხელისუფლების სათავეში დარჩენილიყო. ეჭვგარეშეა, რომ 2022 წელს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარეს ომში ჩაერთვებოდა და „მეორე ფრონტს“ გახსნიდა გუდაუთისა და ცხინვალის რუსულ ბაზებზე თავდასხმით; ხოლო დონბასში 2014 წლიდან იომებდნენ არა „ქართული ლეგიონის“ დაქირავებულები, არამედ ქართული ჯარის ყველაზე ბრძოლისუნარიანი, ერაყსა და ავღანეთში გამოვლილი ქვედანაყოფები.

ნუთუ ბიძინა ივანიშვილმა არ დაიმსახურა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში საქართველოს გადარჩენისთვის, რომელიც მის გარეშე აუცილებლად განადგურდებოდა?! არადა, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის ნებისმიერ ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდა საქართველოს ყველა ძალოვანი სტრუქტურა, 2011 წელს გეგმავდა ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრებას ოჯახთან და მთელ ქონებასთან ერთად, ხოლო მილიარდერის კუთვნილი „Cartu Bank“-ის აქტივებისა და თანამშრომლების დაპატიმრება მხოლოდ უვერტიურა იყო.

   ბატონო პრემიერ-მინისტრო,
   ბატონო პარლამენტის წევრებო,

   როგორც მოგეხსენებათ, შვეიცარიულმა ბანკებმა „Credit Suisse“ და „Julius Baer“ ბიძინა ივანიშვილს 2,5 მილიარდი დოლარის აქტივები გაუყინეს რუსეთთან ომზე და მისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო. ამავე მიზეზით, 2024 წლის დეკემბერში ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცა და სრულად დაკარგა წვდომა საერთაშორისო საბანკო სისტემასთან, მისთვის დოლარში ან დასავლური ბანკების მეშვეობით ნებისმიერი ტრანზაქცია დღემდე დაბლოკილია. უცხოური აქტივების გაყინვისა და სანქციების გამო ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონება ერთ წელიწადში თითქმის განახევრდა – 7,6 მილიარდი დოლარიდან 3,6 მილიარდ დოლარამდე. ხოლო ის საერთო თანხა, რაც ბიძინა ივანიშვილმა განვლილი წლების განმავლობაში ქველმოქმედებას მოახმარა, 4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ჯამში: 6,5 მილიარდი დოლარი – იმისთვის, რომ საქართველო არ გაენადგურებინათ და მისი მოქალაქეები ომში არ დახოცილიყვნენ; რათა არ ამომწყდარიყვნენ შიმშილითა და სიცივით რუსეთთან ვაჭრობაზე, ფულად გზავნილებსა და რუსეთიდან შემოსულ ტურისტებზე უარის თქმის გამო. თითოეულ ნომინაციაში ნობელის პრემიის ოდენობა კი 12 მილიონ შვედურ კრონს - დაახლოებით 1,2 მილიონ დოლარს შეადგენს, ამიტომ ფინანსური თვალსაზრისით ის ვერანაირად ვერ აუნაზღაურებს პატრიოტს, მოქალაქესა და მეცენატს ბიძინა ივანიშვილს იმ 6,5 მილიარდს, რომელიც მან თავისი დიდი ოჯახის წევრებს მოაკლო და სამშობლოს შესწირა. ახლა კი დაე ცინიკოსებმა, სკეპტიკოსებმა, სარკასტებმა და სხვა ნიჰილისტებმა ერთი ასეთი მაგალითი მაინც დამისახელონ – და მე ჩემს ინიციატივას უკან წავიღებ!

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი ნობელის პრემიას იმსახურებს, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ ახლა, მის მიერ დაფუძნებული პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 14 წლის შემდეგ, დაიწყო პროცესი იმის გადასაწყვეტად – აკრძალოს თუ არა სააკაშვილის პარტია და მის იდეოლოგიურ პლატფორმაზე, ფინანსურ და ადამიანურ რესურსებზე შექმნილი ოთხი რადიკალური ოპოზიციური პარტია. ეს რამხელა დემოკრატი უნდა იყო, რომ სასამართლო ყველა საპროცესო პროცედურის დაცვით მოაწყო – იმის ნაცვლად, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს დაგეწყო „ნიურნბერგის პროცესი“, გაგეუქმებინა სააკაშვილის ნაცისტური პარტიის რეგისტრაცია, რომელმაც საქართველოს მიწების 20%-ზე მეტი ჩამოაჭრა, ხოლო მისი მეთაურები სამუდამოდ ციხეში გამოგემწყვდია?!

მკვლელებსა და სადისტებს ჰგონიათ, რომ განვლილი წლების განმავლობაში უდანაშაულოთა სისხლი ჩამოირეცხეს, რომ ქართველ ხალხს მათი დახვეწილი წამების მეთოდები დაავიწყდა, და თვალის ასახვევად სხვადასხვა სახელწოდების პარტიების დარეგისტრირებით წამებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ცივილური კულტურული იმიჯი შეიქმნეს. ამიტომ ახლა, მათ ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაზე სასამართლოში სარჩელის შესატანად, ჯერ საჭირო გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის (2004-2012 წწ.) დანაშაულთა შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც 6 თვე იმუშავა და 460-ფურცლიანი დასკვნა წარმოადგინა. ალო, ბრიუსელო! სად, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში მოქმედებს დემოკრატიის ისეთივე მაღალი სტანდარტები, როგორც საქართველოში, რომლის ევროკავშირში მიღებაზეც თქვენ უარი განაცხადეთ?!

   განა შეიძლება ნობელის პრემია ბიძინა ივანიშვილისთვის ტოლფას ჯილდოდ ჩაითვალოს, რომელმაც აპატია თავის მტრებს და იმის ნაცვლად, რომ ისინი ციხეში ან ისტორიის სანაგვეზე გაეშვა, ნება დართო, „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“ პორტირებულიყვნენ და კარიერა ისე გაეგრძელებინათ, თითქოს არაფერი მომხდარა?! შურისძიების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანად გაუშვა სააკაშვილი და მისი ათასობით თავზეხელაღებული უკრაინაში, ხოლო დარჩენილების მიმართ ტოლერანტობა და კოჰაბიტაცია გამოიყენა: ბევრია პოლიტიკური ლიდერი, ვისაც ასეთი სულგრძელობა შეუძლია?! განა ივანიშვილი იესოა, რომ თავის მტრებს აპატიოს?!

და რამდენჯერ აპატია ივანიშვილმა შეცდომები მისგან ყველაზე მეტად დავალებულებს, რამდენჯერ მისცა მათ შანსი, ყველაფერი თავიდან დაეწყოთ! "მადლიერების" ნიშნად ივანიშვილმა მხოლოდ ღალატი მიიღო და ლამის "ჯვარს აცვეს"...

   ბატონო პრემიერ-მინისტრო,
   ბატონო პარლამენტის წევრებო,

   მე მოკლედ აღვწერე ბიძინა ივანიშვილის გზა ნობელის ლაურეატობისკენ. ვფიქრობ, რომ საქართველოს გადარჩენისა და მსახურებისთვის იგი უკვე დიდი ხანია იმსახურებს ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში. აქსიოს!