პუბლიკაციები
მამუკა ფიფია: „რუსეთი საქართველოს არავის დაუთმობს, ეს ჩვენმა მეზობლებმაც უნდა გაიგონ“

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. 2026 წლის 28 ოქტომბერს, მოსკოვში, „პრეზიდენტ-ოტელში“ გაიმართება ფონდის - „რუსებისა და ქართველების ერთიანობა“ („Единство русских и грузин“) - პრეზენტაცია. ფონდის პროექტებზე, არსებულ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და იმაზე, თუ რა შეუწყობს ხელს ორ ხალხს შორის ნდობისა და მეგობრობის აღდგენას, ინტერნეტ-გამოცემა МИР-Info-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ფონდის თავმჯდომარემ, მამუკა ფიფიამ ისაუბრა.

— მამუკა, როგორ გაჩნდა ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთიანობის“ შექმნის იდეა? ვინ იყო ინიციატორი და რა არის შენი როლი ამ საქმეში?

— ფონდის დამფუძნებლები არიან ოთარ რომანოვი ფარცხალაძე და ნიკოლოზ კარტოზია. მე ფონდის თავმჯდომარე ვარ. სამივემ ერთად გადავწყვიტეთ მისი შექმნა და ამ საქმეს ერთად გავაგრძელებთ.

ჩვენი ბოლო წლების ქმედებები მიმართულია ხალხთა დაახლოებისა და მათ შორის ნდობის აღდგენისკენ. ფონდი, რომელსაც 28 ოქტომბერს წარვადგენთ, ამ მუშაობის გაგრძელებაა. ოდისეი, გიწვევ მის პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად.

— რა პროექტებით დაიწყებთ და ვინ არიან თქვენი პარტნიორები რუსეთსა და საქართველოში?

— დავიწყებთ ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური პროექტებითა და ინვესტიციების მოზიდვით. ვგეგმავთ ახალგაზრდული და სტუდენტური გაცვლითი პროგრამების, კულტურულ-ჰუმანიტარული ფორუმების ჩატარებას და საკუთარი მედიარესურსების განვითარებას.

ერთ-ერთი პირველი პრაქტიკული ნაბიჯი იქნება ორივე ქვეყანაში თანამემამულეებისთვის იურიდიული და საკონსულტაციო მხარდაჭერის აღმოჩენა.

ჩვენი პარტნიორები რუსეთსა და საქართველოში არიან ბიზნესის წარმომადგენლები, დიპლომატები, საექსპერტო საზოგადოებები და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც მზად არიან კონსტრუქციული დიალოგისთვის და ჩვენი ხალხების ამოცანებზე ერთობლივი მუშაობისთვის.

— ТАСС-მა გაავრცელა ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნის შესახებ. ეს თანამდებობა ადრეც არსებობდა. რატომ მიიპყრო ამჟამინდელმა დანიშვნამ ამდენი ყურადღება? რა არის მისი თავისებურება?

— პირადად არ ვიცნობ გიორგი ზურაბაშვილს. მაგრამ ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ: საქართველოსთვის დროა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან. უნდა გავითვალისწინოთ როგორც საფრთხეები ჩვენს რეგიონში, ისე გლობალური საფრთხეები და ისიც, თუ როგორ იცვლება მთელი სამყარო. ჩვენს რეგიონში, რბილად რომ ვთქვათ, არასტაბილური ვითარებაა, საფრთხეები ყოველი მხრიდანაა.

ჩვენ მოვუწოდებდით პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისკენ, დასავლელი შუამავლების გარეშე, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ხელს უშლიან ჩვენს დაახლოებასა და იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც ჩვენს შორის უკვე 33 წელია არსებობს.

სპეციალური წარმომადგენლები ადრეც იყვნენ. მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ნიუანსი: ზურაბაშვილი არა უბრალოდ პრემიერის წარმომადგენლად დაინიშნა, არამედ იგი ამავდროულად ინარჩუნებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს. ეს მას საშუალებას აძლევს გამართოს შეხვედრები მაღალ დონეზე — მიხეილ გალუზინთან, ასევე სერგეი ლავროვთან.

ამიტომ ვანიჭებ ამ დანიშვნას ასეთ მნიშვნელობას. ეს არის ახალ დონეზე გადასვლა, პრაქტიკულად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ვიმედოვნებთ, რომ ახლა იქნება ვიზიტები როგორც მოსკოვში, ისე თბილისში. კარგია, რომ ეს ნაბიჯი თბილისმა გადადგა.

ეს ის არის, რაც ქართველ ხალხს სურს და რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ქართული საზოგადოება ამ ნაბიჯს ძალიან პოზიტიურად შეხვდა.

— როგორ აფასებ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ ეტაპს? არის თუ არა რეალური მოძრაობა დაახლოებისკენ და როგორ ხედავ შენს როლს ამ პროცესში?

— ნაბიჯი, რომელიც ახლა თბილისმა გადადგა, არის რეალური მოძრაობა და დაახლოების შანსი.

რუსული მხარე, თავის მხრივ, მზადაა. მისმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განაცხადეს მზადყოფნა ნებისმიერ დონეზე და ნებისმიერ თემაზე შეხვედრებისთვის. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამის შესახებ სულ უფრო ხშირად გვესმის. საჭირო იყო, რომ ქართულ მხარეს გადაედგა ნაბიჯი და ახლა ის გადადგმულია. ვიმედოვნებ, მალე ვიხილავთ პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას.

რაც შეეხება ჩემს როლს, მე ვაგრძელებ ბრძოლას ჩვენს ხალხებს შორის ნდობის აღსადგენად.

ჩემი მგზავრობები — ორჯერ კურსკის ოლქში, ბელგოროდის ოლქში, დონეცკში, ლუგანსკში — ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებდა და მიმართული იყო რუსების მხარდასაჭერად. მე მაშინაც ვაცხადებდი და ახლაც ვიმეორებ: ვიქნები იქ, სადაც ეს დიდ რუს ხალხს, რუსებს სჭირდება. ჩვენ, ქართველები, ვიქნებით იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით ჩვენს ძმებსა და დებს.

რუსეთში ამ ნაბიჯებს ძალიან პოზიტიურად შეხვდნენ. ვნახე ხალხის რეაქცია ადგილებზე, ოფიციალური პირების გამოხმაურებები მოსკოვში. სახალხო დიპლომატიის ასეთი ნაბიჯები, ჰუმანიტარული მუშაობა აერთიანებს ჩვენს ხალხებს და საბოლოოდ გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე. ჩემს გუნდთან ერთად გავაგრძელებ ამ მიმართულებით სვლას.

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო და ამიერკავკასია რუსეთის ინტერესების ზონაა. ჩვენი ყველა პრობლემა იმის შედეგია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ ვითვალისწინებდით რუსეთის ინტერესებს. დღეს სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ და გავითვალისწინოთ რუსეთის ყველა ინტერესი რეგიონში.

რუსეთი საქართველოს არავის დაუთმობს. ეს ჩვენმა მეზობლებმაც უნდა გაიგონ, რომლებიც, შესაძლოა, საკუთარ სტრატეგიულ გეგმებს ამუშავებენ და საქართველოს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ.

ჩვენ გამოვდივართ პირდაპირი მოლაპარაკებების ინიციატივით — მოსკოვში, თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში, რათა მოვაგვაროთ დაგროვილი საკითხები, გავაერთიანოთ ჩვენი ხალხები და ვიცხოვროთ ერთ სახლში, ერთ სამოკავშირეო სახელმწიფოში.

პირველ რიგში, ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობა უნდა აღვადგინოთ. ამ წლების განმავლობაში ორივე მხრიდან ბევრი ცუდი გაკეთდა ჩვენი ხალხების გასახლეჩად. მაგრამ მათი გახლეჩა არ გამოვიდა: ხალხი მაინც მიისწრაფვის ერთმანეთისკენ. და მადლობა ღმერთს, რადგან ჩვენ ერთმორწმუნეები, ძმები ვართ ქრისტეში.

მე მჯერა, რომ საქართველოს გვერდით ასეთი უზარმაზარი რუსეთი ღმერთმა არ შეუქმნია იმისთვის, რომ გვეჩხუბა ან, მით უმეტეს, გვეომა. ამიტომ ვიმეგობრებთ, ვიურთიერთებთ, ერთად განვვითარდებით, შევქმნით საერთო უსაფრთხოების სივრცეს, საერთო ეკონომიკურ და კულტურულ სივრცეს. განვავითარებთ სპორტულ კავშირებს და ყველაფერს, რაც აერთიანებს ხალხებს. მე პოზიტიურად ვარ განწყობილი.

ესაუბრა ოდისეი ფიფია, „МИР-инфо“-ს მთავარი რედაქტორი