ფაქტების ვერტიკალი - დავიწყების ჰორიზონტალის წინააღმდეგ
მეოთხე განზომილება – დრო – ადამიანებს ბოროტად ეხუმრება: ის თანდათან შლის მათ მეხსიერებიდან წარსულს. დროთა განმავლობაში ნებისმიერი მოვლენა ფერმკრთალდება და დავიწყებას ეძლევა, ახალმა თაობებმა კი ამ მოვლენების შესახებ ან არაფერი იციან, ან ზედაპირული, დამახინჯებული წარმოდგენა აქვთ. მცირე გამონაკლისის გარდა, ადამიანებს სჯერათ იმის, რასაც მათ ყველაზე ხშირად ეუბნებიან, თუნდაც ეს ტყუილი იყოს. ამიტომ, ნონკონფორმისტების მისიაა - პერიოდულად დაბომბონ ინდიფერენტული საზოგადოება წარსულის ფაქტებით, რათა დრომ არ წაშალოს კუთხეები და აზრები…
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელის გაწვევა და ციხეებიდან იმ „პოლიტპატიმრების“ დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომლებიც სიტყვითა და საქმით ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ – საქართველოში მიმდინარე საპროტესტო კამპანიის საკვანძო თეზისებია.
თბილისის პრაგმატული საგარეო პოლიტიკით აღშფოთებული ევროკავშირისგან რადიკალური ოპოზიციის, ოპოზიციური ტელეკომპანიების, ბლოგოსფეროსა და სამოქალაქო სექტორის/არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიცემული ინსტრუქციაა, რომ ეს მესიჯები რაც შეიძლება აქტიურად გაიმეორონ და ქართულ საზოგადოებაში პანიკა დათესონ საუბრებით ვითომდა „სახელმწიფოში არსებულ კატასტროფულ ვითარებაზე, რაც გამოწვეულია ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევითა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით; განსხვავებულად მოაზროვნეებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებით; უცხოელების სასარგებლოდ ქართული მიწების გასხვისებით; მზარდი კრიმინალითა და ნარკომანიით; ე.წ. ქურდული მენტალიტეტის აღორძინებით; ქოლ-ცენტრებსა და კაზინოებში ახალგაზრდობის გახრწნით, რომელთა შემოსავალი მრავალჯერ აღემატება სახელმწიფო ბიუჯეტს; ინფლაციისა და უმუშევრობით გამოწვეული ემიგრაციით“.
ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაზე მრავალი შიდა ფაქტორი მუშაობს: ნამდვილად არსებული ნეგატიური მოვლენები და ხარვეზები, პირველ რიგში – კორუფცია და კონტრპროდუქტიული საკადრო პოლიტიკა, საბოტაჟი და მავნებლობა, რაც ძირითადად წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების ნახელავია, რომლებსაც დღევანდელმა ხელისუფლებამ წინდაუხედავად ანდო მაღალი თანამდებობები, პრეზიდენტებიდან და მინისტრებიდან დაწყებული – პარლამენტარებით დამთავრებული. საზოგადოებას კი, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომელიც დასავლური ღირებულებების, როგორც ეტალონის, თაყვანისცემაზეა აღზრდილი, უჭირს ერთბაშად გაიგოს და დაიჯეროს - რატომ ამხელენ ევროპას ორმაგ სტანდარტებსა და საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში იგივე პოლიტიკოსები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ მას აღმერთებდნენ.
ბევრი მათგანი, ვინც ტრაგიკულ 90-იანებში სასკოლო ასაკს მიაღწია და გაყალბებული ისტორიის სახელმძღვანელოებით სწავლობდა, ტყუილს ისმენდა მასწავლებლებისა და შვილების გამო შეშინებული მშობლებისგან, ამიტომ ურჩობდა და არ სცემდა პატივს უფროსებს მათი „საბჭოური წარსულის“ გამო. ესენი ომებით, მიტინგებით, რუსოფობიითა და სააკაშვილით მოწამლული Z-თაობებია, რომლებიც დღეს დაახლოებით 42 წლის ან შედარებით უმცროსი ასაკის არიან, ამიტომ ბევრი მათგანის გადარწმუნება და სწორ გზაზე დაყენება საეჭვოა მოხერხდეს. მით უმეტეს, რომ მათ მიერ გაღმერთებული დასავლეთი მუდმივად კვებავს მათ მცდარ წარმოდგენებს, უდასტურებს რა, რომ ისინი ცამდე მართლები არიან და რომ საქართველოში დღეს „პრორუსი ოლიგარქის დიქტატურაა, დემოკრატიის უკუსვლა, ევროკავშირზე უარის თქმა და ბნელ საბჭოთა წარსულში დაბრუნება, რასაც სწორედ რომ მათი ხელით ბოლო უნდა მოეღოს“.
ჯანდაბას ეგ რადიკალი უცხოეთის აგენტები ზემოთ ნახსენები ხუთი ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც იბრძვიან ძალაუფლებისა და სიმდიდრისთვის და რომლებსაც მიტინგზე ათასი მხარდამჭერის გამოყვანაც კი აღარ შეუძლიათ: ხელისუფლებისთვის გაცილებით არასასიამოვნოა ის კონსერვატიულ-პატრიოტული პოლიტიკური ძალები, რომლებიც დაეხმარნენ „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში. „ქართული ოცნების“ ზოგი თანადამფუძნებელი და აქტივისტიც კი, რომლებმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საფუძვლიანად დაიწყეს მმართველი პარტიის კრიტიკა ოპოზიციის მიმართ ლოიალობის, კოაბიტაციისა და წინასაარჩევნო დაპირებების - ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის - შეუსრულებლობის გამო, დღეს, როდესაც ხელისუფლებამ დაიწყო თავისი მოვალეობების შესრულება და კანონის შესაბამისად დამნაშავეთა მკაცრად დასჯა, აცხადებენ, რომ „ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ დაემსგავსა და ქვეყანაში დემოკრატია ფეხქვეშ გათელა.
პარალელების გავლება - თუ როგორ მოქმედებს ევროპული დემოკრატია პარიზისა და მილანის ქუჩებში და როგორ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც იწყალებს ყველას, ვინც მოინანია და სახელმწიფოს მიყენებული ზარალი აუნაზღაურა - რა თქმა უნდა, მათთვის წამგებიანია. საგულისხმოა, რომ ამგვარად ხდება სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი მტრების ამჟამინდელ რადიკალურ ოპოზიციასთან დაახლოება, ანუ - ოპოზიციაში გადასულ ექსმმართველი რეჟიმის წარმომადგენლებთან. და რესპექტაბელური გარეგნობის მქონე ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი ზედმეტსახელად „ვაზელინი“, რომელსაც მაღალი პოზიცია ეკავა ხელისუფლებაში როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის დროს, ერთდროულად დაახლოებული იყო ჟვანიასთანაც და ბურჯანაძესთანაც, ორჯერ შეხვდა ლავროვს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის რანგში, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ შეძრომა მაინც ვერ შეძლო, ბოლო მიტინგზე შემთხვევით როდი გამოჩნდა, სავარაუდოდ - ბრიუსელიდან მყარი გარანტიების მიღების შემდეგ, რომ ამჟამინდელ მმართველებს ძალაუფლება დიდხანს აღარ შერჩებათ.
პარლამენტის დროებითი კომისიის 450-გვერდიანი დასკვნა მხოლოდ წვეთია ზღვაში. „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებები, დაწყებული 2003 წლის 23 ნოემბრიდან 2025 წლის 4 ნოემბრამდე, ტომებად და დოკუმენტურ სერიალებად იქცეოდა, მაგრამ ამას ხელისუფლება და მისი უსუსური ჟურნალისტები/ძალით პიარ-სპეციალისტები იშვიათად და მკრთალად იხსენებენ, რადგან სააკაშვილის მედია-ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში იზრდებოდნენ და თანაც „გასასვლელის კარს“ ყოველი შემთხვევისთვის ღიად ტოვებენ. ამ დროს კი მეოთხე განზომილება თავისას შვრება და დრამატული მოვლენები ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა, წარსულს ბარდება...
სათანადოდ არ არის შეფასებული მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც მმართველი პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, ხელი არ შეუშალა თავისი ყველაზე ახლო თანამებრძოლის, ორგზის პრემიერ-მინისტრის დაპატიმრებას (აღარაფერს ვამბობ თავდაცვის მინისტრზე, სუსის უფროსზე და სხვებზე), რითაც აჩვენა, რომ ამიერიდან კანონის წინაშე იმუნიტეტი არავის აქვს. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შერჩევით მართლმსაჯულებაზე და ორმაგ სტანდარტებზე საუბარი აზრს მოკლებულია. მხოლოდ ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა – ზვიად გამსახურდიას ერთგულმა თანამებრძოლმა სანდრო ბრეგვაძემ – სოციალურ ქსელში გააჟღერა სიმართლე: რომ ეს ხუთი პარტია აკრძალვას ექვემდებარება, რადგან სასამართლოს შენობასთან ხუთი მხარდამჭერის მიყვანაც კი ვერ შეძლეს!
აი, რატომ სჭირდება ქართულ საზოგადოებას პერიოდულად ისტორიის შეხსენება და სიმართლის ინექციები! ნუთუ ქართველ ხალხს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, არ აქვს უფლება სიმართლეზე?!
რუსულ-ქართული ურთიერთობებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ
მეოთხე განზომილებას – დროს, რომლის გამოც ნებისმიერ მოვლენას დავიწყება ახასიათებს – ზემოთ ხსენებული უარყოფითი ეფექტის გარდა, დადებითიც გააჩნია: ცუდის დავიწყება მეხსიერების შერჩევითი დეფექტი კი არა, ადამიანის ფსიქიკის თავისებურებაა, რადგან ადამიანის ტვინს არ შეუძლია მუდმივად ითმინოს ტკივილი და იმყოფებოდეს ნეგატივის რეჟიმში.
აი, რატომ დარჩება აუცილებლად წარსულში ის ცუდი, რაც ჩვენი მტრების ბრალით მოხდა ქართველებსა და რუსებს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის! წინანდელი მეგობრობა, შესაძლოა, აღარ იყოს, რადგან წარსულს და ჩვენს წინაპრებს, რომლებსაც ახსოვდათ ძმობა, ვეღარ დავაბრუნებთ, მაგრამ ახალი ურთიერთობები უარესი არ იქნება. თუნდაც ნაკლებად ემოციური, სამაგიეროდ უფრო პრაგმატული და პარტნიორული იყოს, ჩვენ ერთმანეთს უფრო ფრთხილად მოვეკიდებით, გვეხსომება რა, რომ ნებისმიერ მეგობრობას აქვს სიმტკიცის ზღვარი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას მუდმივად გარედან ურტყამენ...
„რუსები ქართველების მტრები და ოკუპანტები არიან, აფხაზები და ოსები – თქვენი მტრები არიან!“ – მრავალი წლის განმავლობაში აზომბირებდნენ ქართულ ახალგაზრდობას, ალტერნატიული აზრი კი არ ისმოდა, ახალ თაობებს რუსულ ენას არ ასწავლიდნენ. მაგრამ ესეც გაივლის, დრო ამ ტკივილსაც წაიღებს და ახალ თაობებს, თუკი მათ სასკოლო მერხიდან არ მოწამლავენ, როგორც 90-იანებიდან წამლავენ ქართულ ახალგაზრდობას, არ ეცოდინებათ ამ ტრაგედიების შესახებ. ადამიანები იცვლებიან, წარსული დავიწყებას ეძლევა და ამიტომ ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის, ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის გარდაუვალად გამოსწორდება - მაშინაც კი, თუ ამას პოლიტიკოსები ხელს არ შეუწყობენ. „დრონი მეფობენ და არა მეფენი“ - აი, კონფლიქტების დარეგულირების ყველაზე გამოცდილი გზა!
ქართველი ქართველისთვის - ძმა თუ მტერია?
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს ერეკლე II-ის ბრძნული და უალტერნატივო ნაბიჯი უწოდა, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეების პირობებში ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ რაციონალურ გადაწყვეტილებად იქცა. მისი თქმით, შეთანხმებამ ერს ფიზიკურად გადარჩენის საშუალება მისცა და საფუძველი ჩაუყარა განვითარების ამჟამინდელ ევროპულ ვექტორს. კობახიძე ერთადერთი პოლიტიკოსია საქართველოს უახლეს ისტორიაში, ვინც გაბედა ეთქვა ეს სიმართლე, რისთვისაც ხელისუფლების მტრებმა ლამის ჯვარს აცვეს, ხოლო თავისიანები მოერიდნენ სათანადოდ შეფასებას – მაინც რუსეთია, ოკუპანტი, კომპრომატიო...
არადა, სიმართლეს ვერ დამალავ, სიმართლე ერთია და ის მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი და საქართველო ტრანსკონტინენტური ქვეყნებია: რუსეთი ერთდროულად ევროპასა და აზიაში მდებარეობს, საქართველო კი - აღმოსავლეთ ევროპისა და წინა აზიის მიჯნაზე. გარდა ამისა, მათ აახლოებთ ის ფაქტი, რომ რუსეთმა, გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერით, ამიერკავკასიის ერთადერთი მართლმადიდებლური ქვეყანა გადაარჩინა. ამიტომ ნებისმიერი გალაშქრება გეოგრაფიის, ისტორიისა და რწმენის წინააღმდეგ წინასწარ არის განწირული დამარცხებისთვის, ამასთან შეგუება მოუწევთ ევრობიუროკრატიასა და ამერიკულ „Deep state”-ს, რომლებიც თავისი გავლენის აგენტების მეშვეობით ჭკუიდან შლიან ქართველ ახალგაზრდებს!
ქართველთა ერთმანეთთან შერიგება ხელს შეუწყობს საქართველოს გაერთიანებასა და მის მეზობლებთან შერიგებას. დღეს ქართველებს არ ჰყავთ იმაზე დიდი მტრები, ვიდრე უცხოეთის ქართველი აგენტები; მათი ძირგამომთხრელი მოღალატეობრივი პროპაგანდით მოწამლული ქართველი ახალგაზრდები უპირისპირდებიან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას!
რატომ უპირისპირდებიან ქართველები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმის ნაცვლად, რომ საქართველო დედამიწის სამოთხედ აქციონ? საქართველო - შუა დერეფნის საკვანძო ქვეყანაა, რომელზე გავლენისთვისაც დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს ეჯიბრებიან! რატომ ილანძღებიან ქართველები სიხარულის ნაცვლად? სიხარულის იმის გამო, რომ შუა მარშრუტის ყველა ქვეყანა: ჩინეთი, ცენტრალური აზია, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობითაა დაკავშირებული; რომ საქართველოსთვის ღიაა რუსული ბაზარი და ტრადიციული ეკონომიკური პარტნიორობა, რაზეც ევროპამ და აშშ-მაც კი, თავიანთივე სანქციების დარღვევით, უარი ვერ თქვეს!
მაშ, რა უნდა ვქნათ ჩვენ, ქართველებმა - ვიტიროთ თუ გვიხაროდეს, რომ რუსეთი მოწადინებულია კვლავაც განავითაროს და გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან?!
თქვენ რას ფიქრობთ, პატივცემულო მკითხველებო?
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2026 წლის 27 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი