საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად უჭერდა მხარს დაკავშირებადობის გაძლიერებას და მსჯელობდა, როგორ შეიძლება, შავი ზღვა ვაქციოთ უფრო დამაკავშირებელ სივრცედ და არა გამყოფ ხაზად ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სოფიის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ევროკავშირთან დაკავშირებადობის განმტკიცება საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტია.
„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ შავი ზღვა იქცეს ევროკავშირთან დამაკავშირებელ ხიდად, სადაც თანამშრომლობა გაძლიერდება როგორც სატრანსპორტო, ისე ენერგეტიკულ და ციფრულ სფეროებში. საქართველოს აქვს საკვანძო გეოპოლიტიკური მდებარეობა შუა დერეფნის განვითარების პროცესში, რაც აზიასა და ევროპას შორის უმოკლეს და უსაფრთხო მარშრუტს უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანია, ეს პოტენციალი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.