საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. საგარეო პოლიტიკურ მოთამაშეებს საერთოდ არ ეხებათ საქართველოს პარტიული ლანდშაფტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც არსებობს პარტიების აკრძალვის მაგალითები სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებს კრიტიკას საგარეო პოლიტიკური აქტორებისგან.
„ჩვენ არ გვეხებოდა, რა პარტიები გამოცხადდა არაკონსტიტუციურად უკრაინასა და მოლდოვაში, არც ის გვეხება, რომ გერმანიაში აპირებენ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს გერმანიის მთავარი ოპოზიციური და ყველაზე მაღალრეიტინგიანი პარტია - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - ოფიციალურად იმყოფება გერმანიის ხელისუფლების სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ. მას უსმენენ, მასში ჩანერგილი ჰყავთ აგენტები და ა.შ. გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყება ოფიციალურად უსმენს ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას. შესაბამისად, როდესაც სხვა ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ მივიღებთ მისგან ვერანაირ კრიტიკას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პარტიების აკრძალვის შემდეგ პოლიტიკური პროცესი ტოქსიკური გარემოსგან გაიწმინდება და სხვა პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში ესაუბრონ ამომრჩეველს.
„14 წლის განმავლობაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ გვეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არაკონსტიტუციურია. ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა მან საბოლოოდ დაადგინოს: ან ჩვენ ვართ არაკონსტიტუციური, ან ისინი. სწორედ ასე დასვა საკითხი თავად კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ბოლო 14 წლის განმავლობაში. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ არაკონსტიტუციური და სასამართლომ ეს უნდა დაადგინოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.