სამართალი
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში კონსტიტუციური წესრიგი უკვე დაამხო

 საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. სარჩელის 29-ე გვერდზე ვკითხულობთ: „ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან იმისკენ, რომ სხვადასხვა საკითხებზე საზღვარგარეთიდან დაისაჯოს სახელმწიფო საქართველო და საქართველოს ხელისუფლება“. ეს არის საკმაოდ ბანალური ტრიუკი, რომელიც ჩაწერილია სარჩელში და რომელიც თავისთავად სამართლებრივი ნონსენსია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, ერთ ქვაბშია მოხარშული ორი ფუნდამენტურად განსხვავებული რამ: საქართველოს მმართველი პარტია, რომლის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა სრულიად ლეგიტიმურია, გაიგივებულია ქართულ სახელმწიფოსთან.

„ამ ცნებების აღრევა „ქართული ოცნების“ სტანდარტული პრაქტიკაა, რომელსაც პრაქტიკულად ყოველდღე ვისმენთ, მათ შორის ამ პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებისგან და სარჩელზე ხელმომწერი პირებისგან. იგივე ლოგიკა ვრცელდება იმ ფორმულირებაზეც, თითქოს ხელისუფლების ცვლა, რაც ყველა რეალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლეგიტიმური მიზანია, იგივეა, რაც კონსტიტუციური წესრიგის დამხობა და ძალადობრივი შეცვლა. ეს ემთხვევა იმ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ქართველი ხალხის მეგობრების მიერ საზღვარგარეთიდან „ოცნების“ ქმედებების კრიტიკა თითქოს არის საქართველოზე თავდასხმა, ხოლო ქვეყნის შიგნით ოპოზიციის პოლიტიკური საქმიანობა - საბოტაჟი.

ამასთან, მრავალი დამკვირვებლის აზრით და მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ანგარიშის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოში უკვე დამხობილია კონსტიტუციური წესრიგი, სახელმწიფო მიტაცებულია ერთი ადამიანის, ორმაგი მოქალაქის - უცხო სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქის მიერ. მე ვციტირებ ანგარიშებს და ასეთი ანგარიში ბევრია. მოყვანილია ამის საფუძვლები, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური განცხადება. მე ვციტირებ იმას, რასაც აქვს ობიექტური დასტური. მაგალითად, ამასთან დაკავშირებით არსებობს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ (Transparency International) მრავალრიცხოვანი ანგარიშები. ეს დეტალურად იქნება წარმოდგენილი, როდესაც ინფორმაციას წერილობითი სახით გადმოგცემთ“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.