საზოგადოება
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა

 საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა.

პატარიძემ იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას შესაბამისი განცხადებით მიმართა: „ბატონო პაატა, გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“.

მინისტრმა გიორგი პატარიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დააკმაყოფილა.

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაცია დავით ფეიქრიშვილის საქმის გამოძიებას მოჰყვა.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს“, - განაცხადეს პროკურატურაში.