საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. „2021–2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა. ეს ტენდენცია ნარჩუნდება წელსაც: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით. მათ შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ ტენდენციებთან ერთად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით ფინანსურ სექტორში, სადაც საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა ხელს უწყობს დარგის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოტენციალის გაძლიერებას.
„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველო მასპინძლობს რიგით მეორე თბილისის ფინანსურ სამიტს. ეს მასშტაბური საერთაშორისო პლატფორმა შეიქმნა გასულ წელს და აერთიანებს ფინანსური სექტორის, ტექნოლოგიური ინდუსტრიისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობს 50-ზე მეტი ქვეყნის 800-მდე წარმომადგენელი.
განსაკუთრებით მივესალმები იმ ფაქტს, რომ ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორია სინგაპურული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network (GFTN), რომლის საერთაშორისო ქსელშიც საქართველოსთან ერთად შედის მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნები.
საუკუნეების განმავლობაში საქართველო იყო დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს, გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ეს ისტორიული როლი ახალ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი ქმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო იქცეს რეგიონულ ჰაბად ვაჭრობის, ლოგისტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროებში.
რეალიზაციის ამ პოტენციალს ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა. 2021–2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა. ეს ტენდენცია ნარჩუნდება წელსაც: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. დღეს ფინანსურ სექტორს ქვეყანაში წამყვანი ადგილი უკავია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.