საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციის გადაცემის პროგრამის ფარგლებში ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და დეტალური ინსტრუქციები გააცნეს.
საწყის ეტაპზე, რიგითობის წესით, განცხადებების მიღების პირველ დღეს შემოსული დოკუმენტაცია დამუშავდა და გადამოწმების მიზნით დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს გადაეცა.
დღეიდან მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებენ. შეგროვებული მასალები გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა. ამის შემდეგ კი კომპენსაციების გაცემის ეტაპი დაიწყება.
პარალელურად, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილი ოჯახებისგან განცხადებების მიღება გრძელდება. განაცხადები 2 ნოემბრის ჩათვლით მიიღება.
მიმდინარე წელს დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისთვის 58 მილიონი ლარია გამოყოფილი. მომავალ წელს კი პროგრამა კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდება.