საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ კიევის შევჩენკოს რაიონულ სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
იასკო მათ საერთო შვილზე, ჟასმინზე სააკაშვილისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევას და ბავშვის სრულწლოვანებამდე სააკაშვილის შემოსავლის მესამედის (1/3) ოდენობით ალიმენტის დაკისრებას ითხოვს. სასამართლო სხდომა 30 ნოემბერსაა ჩანიშნული.
თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ იგი რეგულარულად უწევს ფინანსურ დახმარებას თავის ქალიშვილს, რომელიც მისი პატიმრობის შემდეგ დაიბადა.
სააკაშვილის განცხადებით, დედამისი, გიული ალასანია კიევსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში რეგულარულად სტუმრობს შვილიშვილს, უწევს ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას და 2022 წელს ჟასმინს კიევის ცენტრში ბინაც აჩუქა.
სააკაშვილს ოთხი შვილი ჰყავს – ორი ვაჟი ყოფილი მეუღლისგან, სანდრა რულოვსისგან, ქალიშვილი ქართველი მომღერლისგან, სოფო ნიჟარაძისგან და ქალიშვილი ლიზა იასკოსგან.