აქტუალური
პარლამენტმა საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესახებ კანონი მიიღო

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. პარლამენტმა ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ. პროექტში განსაზღვრულია, რას გულისხმობს საერთაშორისო აზარტული ტურნირი - ესაა სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი წინასწარ არის გარანტირებული ორგანიზატორის მიერ და რომელში მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-ს შეადგენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს და საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი აღემატება 3 000 000 (სამი მილიონი) ლარს, იგი არ იხდის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს. ამავდროულად, ორგანიზატორს უფლება აქვს, საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შედეგად მიიღოს შემოსავალი.

საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ. საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობაზე მოსაკრებლის ოდენობა წელიწადში 100 000 ლარი იქნება. კანონპროექტით დგინდება პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში: სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ ტურნირის მოწყობა - 150 000 ლარით.