სამართალი
შოთა ბერეკაშვილი: საერთაშორისო აზარტული ტურნირის მონაწილეთა 80% უცხოელი უნდა იყოს

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე განმარტება გააკეთა.

მისი განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით და ოპოზიციურ ჯგუფებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის სავალდებულო პირობა იქნება მონაწილეთა არანაკლებ 80%-ის უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, ნაცვლად თავდაპირველად შეთავაზებული 70%-ისა.

„დავიწყებ იმით, რომ ასეთი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება საქართველოში დღესაც შეიძლება. ჩვენ ვამკაცრებთ რეგულაციას და ვახორციელებთ მონიტორინგს და სწორედ ამიტომ არის, რომ 80% უცხოელი და 20% ქართველი უნდა იყოს. ასეთი ტიპის ტურნირები ტარდება ევროპულ ქალაქებში და ამ ტურნირებში ქართველებიც იღებენ მონაწილეობას. ეს არ არის კლასიკური აზარტული თამაში, ეს არის ტურნირი. მაგალითად, არსებობს პოკერის საერთაშორისო ტურნირები და მთელი მსოფლიოდან ჩადიან მოქალაქეები და იღებენ მონაწილეობას. იმისთვის, რომ ასეთი თამაშები საქართველოშიც ჩატარდეს, ვიღებთ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, ყველა ის შეზღუდვა, რაც არსებობს ჩვენი კანონმდებლობით აზარტულ თამაშებთან მიმართებით, ძალაში რჩება.

მაგალითად, ასაკობრივი შეზღუდვა, შავ სიაში მყოფი პირის მონაწილეობის შეზღუდვა, საჯარო მოხელის მონაწილეობის შეზღუდვა. მეტიც, ამას ემატება კიდევ ერთი დამატებითი შეზღუდვა, რომ ტურნირის მონაწილეების 80% უცხოელი უნდა იყოს. რაც შეეხება მონაწილეების რაოდენობის განსაზღვრას, ჩვენ განვსაზღვრავთ საპრიზო ფონდს და აქედან გამომდინარე, მონაწილეების მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია. საპრიზო ფონდისთვის გათვალისწინებულია 3 მლნ ლარი და ეს ნიშნავს, რომ 3 000 ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. სწორედ საპრიზო ფონდი განსაზღვრავს ამას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.